ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ხეოფსის პირამიდაზე ასული ქალი ტანსაცმელს იხდის, ეგვიპტეში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, ინფორმაციას CNN ავრცელებს. სამწუთიან ვიდეოში, რომელიც ღამით არის გადაღებული, ჩანს, რომ პირამიდაზე ქალი და კაცი ადიან, მწვერვალზე ასვლის შემდეგ კი ქალი სამოსს იხდის.
ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის ხალედ ალ-ანანის თქმით, ფაქტი საზოგადოებრივი მორალის დარღვევაა და ინციდენტს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.
ნახეთ ვიდეო : ქალი ხეოფსის პირამიდაზე ავიდა და გაშიშვლდა - საქმეს ეგვიპტის მთავარი პროკურატურა იძიებს
გიზას პლატოს გენერალური დირექტორი აშრაფ მოჰის თქმით კი, ვიდეო ყალბია, რადგან ტერიტორია მკაცრად არის დაცული. მისივე განცხადებით, როგორ მოახერხა წყვილმა დაცვისგან თავის დაღწევა და პირამიდაზე ასვლა, გამოძიება დაადგენს. მოჰის ინფორმაციით, პირამიდების გარშემო 18 კმ სიგრძის ღობეა.
პირამიდაზე ასვლა ეგვიპტეში დანაშაულად მიიჩნევა.
ვიდეო YouTube-ზე დანიელმა ფოტოგრაფმა ანდრეას ჰვიდმა განათავსა.
„პირამიდაზე ასვლაზე უამრავი წელი ვოცნებობდი. დიდი ხანია მინდოდა, მწვერვალზე შიშველი ფოტოსესია გადამეღო,“ - ამბობს ფოტოგრაფი დანიურ ტაბლოიდთან.
ის წუხს, რომ ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია.
„თუმცა, დადებითი გამოხმაურებებიც მივიღე ეგვიპტელებისგან“ - ამბობს ჰვიდი.
მისივე თქმით, მანამდე სხვა მეგობართან ერთადაც სცადა პირამიდაზე ასვლა, თუმცა დაცვამ დააკავა და პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.