ვიდეო - "დააპიპინე, მოვდივარ" ინტერნეტში პირველად 5 წლის წინ ვნახე. პატარა გიორგი გაუცნობიერებლად იმ გამყიდველის პაროდიას აკეთებს, რომელიც ქუჩაში ბოსტნეულს ყიდის. ბიჭს ლაპარაკი ახალი დაწყებული აქვს და დედის შეკითხვებს ძალიან სასაცილოდ პასუხობს.
პატარა გიორგი ვიდეომ ინტერნეტვარსკვლავად აქცია - youtube-ზე და "ფეისბუქზე" მის ვიდეოს ასი ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.
ამ ვიდეოს ნახვის დღიდან არაჩვეულებრივი პატარა ბიჭით დავინტერესდი და მისი ძებნა დავიწყე, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ, გიორგი თვალაძეს ამდენი წლის მერე, მხოლოდ გასულ კვირას მივაგენი. გაირკვა, რომ ვიდეო იმაზე დიდი ხნის ყოფილა, ვიდრე მე მეგონა, რადგანაც გიორგი ახლა უკვე 11 წლის არის და 63-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
"როგორც მეუბნებიან, მაგ ვიდეოს გადაღებისას, საჭმელს ვჭამდი და არ მომწონდა, თან, მულტფილმს მაყურებინებდნენ, მერე დედამ მობილურით ჩემი გადაღება დაიწყო. რაღაცებს მეკითხებოდა და თან, ჩემს პასუხებზე ეცინებოდა ისე, რომ სიცილისგან ცრემლიც კი წამოუვიდა. მე ამაზე ავნერვიულდი და ხელში ჯაგრისი რომ მეჭირა, მაგიდაზე დავარტყი.
ვისაც ნანახი არ აქვს და ახლა ნახულობენ, სასაცილო იყავიო - მეუბნებიან. კი, მეც მეცინება, განსაკუთრებით იმაზე, დედას რომ ეცინებოდა და მე ამეტირა. დედა ისე იცინოდა, რომ როგორც ჩანს, არ მომწონდა... ისე კი, ბრაზიანი არ ვარ.
- არც იმაზე ბრაზობ, დედამ ეს ვიდეო თავის დროზე ინტერნეტში რომ ატვირთა?
- არა, კარგია, ჩემი პატარაობა შემოინახა.
ეკა პატარაია, გიორგის დედა:
"გიორგი ძალიან კარგი ბიჭია. ორი შვილი მყავს და ორივე ერთმანეთზე უკეთესი არიან... ეს ვიდეო 2009 წელს გადავიღე, ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, გიორგის მე და დედა საჭმელს ვაჭმევდით, არ ჭამდა, ტელევიზორიდან სიგნალების ხმა ისმოდა, ეზოში ყვიროდნენ - "კარტოფილი, ხახვი, მაწონი" და გიორგიმ აიტაცა. მოკლედ, ვიდეო ინტერნეტში ავტვირთე, რომელიც წამიერად გავრცელდა, ინტერნეტჰიტი გახდა.
ორსულობაში უცნაური სიცილი მახასიათებდა, მაშინ სწორედ მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. ისე ვიცინოდი, ცრემლები თავისით მომდიოდა. ჰოდა, გიორგიმ რომ დამინახა, ჩათვალა, რომ მართლა ვტიროდი. ტელეფონი რომ გამოვრთე, მაშინაც ბევრი იტირა... ერთი პერიოდი ამ ვიდეოს ნახვა არ სიამოვნებდა. რომ წამოიზარდა, უკვე ეცინება.
- თუმცა ვიდეო, ცოტა ხნის წინ, არჩევნების დღეებში გარკვეულმა პირებმა ცუდად გამოიყენეს კარტოფილის და ხახვის კონტექსტში... ჩათვალეს, რომ თითქოს ახლაა გადაღებული და ცუდი სტსტუსებით და კომენტარებით გააზიარეს.
- გიორგის ვიდეო ინტერნეტში ერთ-ერთი პოპულარულია, თუმცა რაღაც პერიოდი აღარ შემხვედრია, ვინმეს გაეზიარებინოს და არჩევნების მერე, როდესაც კარტოფილის თემა აქტიური გახდა, სოციალურ ქსელში გიორგის ვიდეო კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ისეთი ცნობილი ვიდეოა, წესით, ბევრმა უნდა იცოდეს, მაგრამ აღმოჩდნენ ისეთები, რომლებმაც არასწორად გამოიყენეს, ან იცოდნენ და უბრალოდ, გამოიყენეს. ორიგინალიდან ამოჭრილი იყო ფრაზები და სხვანაირად დამონტაჟებული. მოკლედ, ახალი ტალღა ასე დაიძრა, რამაც უსიამოვნო ემოციები დამიტოვა.
- ყველაზე უცნაური კომენტარი რა იყო, რაც დაგამახსოვრდათ?
- მაგალითად, "ივანიშვილის ნათლულიაო"; "თავის დროზე გეფიქრა ამ ვიდეოზე, როცა წერდი, რა გეგონაო? დაგაშინეს, პარტიამ მოგთხოვა და ა.შ. აი, ასეთი გაუგებარი, უცნაური, ბოროტი კომენტარი ბევრი იყო.