"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით, სინთეზური ოპიოიდით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.
"სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.
მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“, - აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ინფორმაცია გაავრცელა ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემაც:
"მინდა ყველა გავაფრთხილო ახალგაზრდები ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთირებები ის არ არის რითიც მას ასაღებენ !!!! არ არის გამორიცხული რომ ისევ კარფენტანილი იყოს!! ვინაიდან ისევ ადამინები მიხვდენენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში! ფრთხიალდ იყავით!!!! და გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს !!! მოიშორეთ ის თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს ის სიკვდილია" - წერს სიხარულიძე.
როგორც Ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება ინფორმაციას ამოწმებს. შს სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, საზოგადოებას ინფორმაცია სიახლის მიღებისთანავე მიეწოდება.