ავტორი:

"სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა" - რატომ თხოვენ NGO-ები ზურაბიშვილს, საპარლამენტო მდივნად გაბუნია არ განიხილოს

"სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა" - რატომ თხოვენ NGO-ები ზურაბიშვილს, საპარლამენტო მდივნად გაბუნია არ განიხილოს

„ქალთა მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

საგანგებო მიმართვის ავტორები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ - რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „[დიმიტრი გაბუნიას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნა] განიხილება. ჯერ არავინ არაა დანიშნული. მიმდინარეობს ეს პროცესი და როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამასაც გეტყვით. არ გამოვრიცხავ“. ქალბატონო პრეზიდენტო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ როგორც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ავტორები არიან: „ქალთა მოძრაობა“; „საფარი“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო; ქალთა ფონდი საქართველოში; ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის; ფონდი „ტასო“; ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად“; „ახალგაზრდა ფემინისტები“; „თანასწორობის მოძრაობა“; „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“; „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); „თანაზიარი“; „განათლებისა და შრომის ასოციაცია“; „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“; „განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი“; Action Global Communications Georgia.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები