სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა. 1988 წელს, 7 დეკემბერს, სომხეთის ჩრდილოეთით ორ მაღალი სიმძლავრის მიწისძვრას 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სომხეთის ქალაქი სპიტაკი და კიროვაკანი მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა შორის უამრავი ბავშვი იყო, რადგან მიწისძვრა დილით, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები და მოზარდები, სკოლებსა და ბაღებში იყვნენ, უფროსები კი სამსახურში. ძლიერი ნგრევის შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მიხეილ გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და დანგრეული ქალაქებისკენ გაემგზავრა.
შემდეგ დიდხანს საუბრობდნენ იმაზე, რომ გორბაჩოვმა საბჭოთა ლიდერისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისთვის დახმარება სთხოვა.
პირველი დახმარება საქართველოდან ჩავიდა სტიქიის ადგილას. მაშველები და მოხალისეები 3 საათში ჩავიდნენ თბილისიდან სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას დანგრეული სოფლების აღდგენით სამუშაოებში.
აკაკი რუხაძე ერთ-ერთია, ვინც სომხეთში სამაშველო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. AMBEBI.GE-სთან ის უმძიმეს დღეებს იხსენებს.
"მიწისძვრიდან მესამე დღეს "აგრომშენმა" გაგვაგზავნა 15 ადამიანი სიტუაციის შესასწავლად. ამ დროს ტექნიკა თან არ გვყავდა. სპიტაკში ჯოჯოხეთური სურათი დაგვხვდა. ეს იყო ყველაზე მძიმე წერტილი, ყველაზე მაღალი ბალით. შესაბამისად, კატასტროფული ნგრევა მოჰყვა...
როგორც მახსოვს, ორი სკოლა დაინგრა და ვინაიდან, სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა სკოლაში მყოფი ბავშვების უმეტესობა დაიღუპა. ოთხი ბავშვი ცოცხალი ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან. რადგან მესამე დღეს ჩავედით, ისე გამოვიდა, რომ მათ ამ ნანგრევებში თითქმის 4 დღე მოუწიათ ყოფნა. გათხრების დროს ვცდილობდით ისინი არ დაგვეზიანებინა, მაგრამ ახლაც მიჭირს გახსენება, როგორი მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ.
ჩემი მუშაობის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ჯოჯოხეთური დღეები. იქედან საქართველოში გაჭაღარავებული დავბრუნდი... საქართველოდან მაღალკვალიფიციური ექიმები იყვნენ ჩასული და მათ ამ ბავშვების გადარჩენა მოახერხეს" - იხსენებს აკაკი რუხაძე სამაშველო ოპერაციის დღეებს.
AMBEBI.GE-თან საუბარში ეჩმიაძინში მცხოვრები აბრამიანების ოჯახი ტრაგედიის დღეს იხსენებს. მათთან მაშინ სტუმრად იმყოფებოდა გიორგი მარგველაშვილის დედა, რადგან საქართველოს პრეზიდენტი იმ პერიოდში სპიტაკში სამხედრო ნაწილში მსახურობდა. აბრამიანები რამდენიმე წლის წინ ეჩმიაძინში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილმა მოინახულა, რისი ამსახველი ფოტოები მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ჰასმიკ აბრამიანი:
- ჩემ ნათესავ ქალს სახლის ნგრევისას ორივე გოგონა დაეღუპა. თავად ქუჩაში გამოვიდა და ბავშვები სახლში დარჩნენ... მახსოვს, რომ ვნახე, ისეთი თავზარდაცემული იყო, მიწაზე იჯდა და გაშტერებული იყურებოდა - რა ვქნა, ცხოვრება როგორ გავაგრძელო, ან რაში მჭირდებაო... ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა... განადგურდა ელექტროგადამცემი სისტემები, წყალგაყვანილობა, გზები, სახლები...
ყველაზე მძიმე შედეგები სპიტაკის შემდეგ იყო ქალაქ ლენინაკანში, ახლანდელ გიუმრიში. იქ მაშინ 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და სომხეთში სიდიდით მეორე ქალაქი იყო. მაშინ ყარაბახში შეტაკებები მიმდინარეობა, იქიდან დაჭრილები და დაღუპულები მოჰყავდათ და აქ კიდევ უარესი მოხდა...
მიწისძვრის შემდეგ, რამდენიმე ქალაქის ბოლომდე აღდგენა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ახლა ნიკოლ ფაშიანინის დიდი იმედი აქვს ხალხს, იმედია, არ დაგვაღალატებს... თითქმის მიწასთან გასწორდა ქალაქი ვანაძორიც.
შემდეგ, საბჭოთა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, სპიტაკში ხუთ სართულზე მაღალი შენობა აღარ აშენდებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს პირობა მიავიწყდათ... მაშინ სამაშველო სამსახურსაც უამრავი ხარვეზი ჰქონდა, - ოპერატიულად, კოორდინირებულად და ეფექტურად ვერ იმუშავეს. მახსოვს, რამდენიმეს გასამართლებასაც კი უპირებდნენ, მახსოვს, რომ კატასტროფისთვის მზად არავინ აღმოჩნდა...
რობერტ აბრამიანი:
- იმ წლებში, ჩვენთან, სპიტაკში არსებულ სავალდებულო სამხედრო ბაზაზე მსახურობდა თქვენი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ჩვენ ვმეგობრობდით. გიორგი ჩვენთვის ოჯახის წევრივით იყო და ხშირად გვსტუმრობდა. როდესაც დედამისი ჩამოდიოდა, აუცილებლად მოდიოდა ჩვენთან და შემდეგ ერთად მივდიოდით იმ სამხედრო ნაწილში, სადაც გიორგი მსახურობდა...
იმ დილასაც, მე და დედამისი, ქალბატონი მზია, შესასვლელთან ველოდით გიორგის და ამ დროს დავინახე, რომ ბაზის ეზოში ხე ქანაობდა... მადლობა ღმერთს, ის შენობა, რომელშიც გიორგი და მისი ნაწილი იყო, არ დაზიანებულა...
მათ ბოდიში მოვუხადე - ბავშვებთან უნდა წავიდე-მეთქი. ერთი სკოლაში იყო, მეორე ბაღში. უფროსი ქუჩაშივე შემხვდა, ქურთუკის გარეშე, აკანკალებული - მამიკო, საშინელი ნგრევის ხმა ისმოდაო... ვიდრე ბაღამდე მივაღწევდი, ვინ იცის რამდენჯერ მოვკვდი... საბედნიეროდ, არც ის ბაღი დაზიანებულა.
შემდეგ, როდესაც პირველმა სტრესმა გადაიარა, დიდხანს სახლში ვერ შევდიოდით. მზია ამბობდა, რომ გიუმრიდან ეჩმიაძინში რომ მოვდიოდი, ავტობუსიდან გზად უამრავი მიწასთან გასწორებული შენობა ვნახეო... ის ტრაგედია არასდროს დაგვავიწყდება...