ავტორი:

"სავარაუდოდ, მძღოლს გაზი და მუხრუჭი აერია..." - ახალი დეტალები ლისის ტბასთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ბავშვი ემსხვერპლა

"სავარაუდოდ, მძღოლს გაზი და მუხრუჭი აერია..." - ახალი დეტალები ლისის ტბასთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ბავშვი ემსხვერპლა

თბილისი და მთელი საქართველო შეძრა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ - 27 ნოემბრის საღამოს 3 შვილის მამამ, გოგა ჯულუხიძემ, შვილები: 10 წლის ლიზი, 6 წლის რეზი და წლინახევრის ტასო, ლისის ტბასთან სასეირნოდ წაიყვანა. რამდენიმე წუთის მისულები იყვნენ, როცა იმ ადგილას, სადაც ავტომანქანები არ მოძრაობენ და ყველაზე დაცულად ითვლება, "მერსედესის" მარკის ჯიპი შევარდა და პატარა ტასო ჰაერში აისროლა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მანქანას არასრულწლოვანი გოგონა მართავდა. გვერდით კი ახალგაზრდა მამაკაცი ეჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის მძღოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად გახდა, რის გამოც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შესახებ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს ჯულუხიძეების ოჯახის ახლობლებმა და ავარიის შესახებ ახალი დეტალებიც გააჟღერეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

მარიტა დამენია, ოჯახის ნათესავი:

"ტასოს მშობლებს ჯერ სახელიც კი არ უკითხავთ იმ გოგოსი, ვინც ბავშვს დაეჯახა. ერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ციხის საავადმყოფოში ჰყავდათ. ოჯახს ჯერ სამართალდამცავებიც არ აწვდიან ინფორმაციას. ასეთ დროს ალბათ ასე ხდება - არ ეუბნებიან, ვინ ჩაიდინა ეს. როგორც ვიცით, ეს გოგო არის 17 წლის და მანქანაში შეყვარებულთან ერთად იჯდა.

ჯულუხიძეების ოჯახი

- ბიჭი მანქანის მართვას ასწავლიდაო, ითქვა...

- დიახ, მაგრამ თავად ბიჭს ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ისიც ასევე პატარაა ასაკით და მანაც არ იცოდა მართვა წესიერად. მანქანა ახალი ჩამოყვანილია საქართველოში, რადგან ჯერ კიდევ ტრანზიტულნომრიანი იყო. გადაუფორმებელი მანქანით ავიდნენ ლისის ტბაზე, როგორც ჩანს, სეირნობდნენ. სავარაუდოდ, ამ გოგონამ საერთოდ არ იცოდა მართვა და გაზისა და მუხრუჭის სატერფულები აერია.

იმ ადგილას, სადაც ტრაგედია მოხდა, წარმოუდგენელია, რომ ავტომანქანა მოხვედრილიყო, შლაგბაუმითაა გადაკეტილი და მის იქით ფეხით მოსიარულეთა ადგილია. ვინც ეს ამბავი ნახა, ამბობენ, რომ ორ ხეს შუა გაიარეს. ჩვეულებრივად რომ მართავდე მანქანას, თურმე იმ ორ ხეს შორის მაინც ვერ გაივლი. რაღაც რკინის ნიშნულიც ყოფილა, რომელიც გადატეხეს, გადაიარეს ამ ყველაფერზე და ბავშვს შეასკდნენ.

უფროსი გოგონა, ჩემი ნათლული, ლიზიკო, გორგოლაჭებზე მდგარა. სამივე ბავშვი ერთად იყო, მამა - ოდნავ უკან, მანქანა გააჩერა, ბავშვები გადაუშვა შლაგბაუმის იქით და თვითონაც იქ უნდა მისულიყო. ბავშვები იდგნენ და ელოდებოდნენ. ის მანქანა სხვა მხრიდან გამოვარდა. ბიჭს, რეზიკოს, გადახტომა მოუსწრია. ლიზიკოს უცდია, პატარა ხელში აეყვანა, მაგრამ გასხლტომია ხელიდან. რადგან გორგოლაჭები ეცვა, თავი ვეღარ შეიმაგრა და წაიქცა...

...ოჯახი ვაჟა-ფშაველაზე ცხოვრობს. ავიდნენ თუ არა ლისის ტბაზე, მაშინვე მოხდა ეს ამბავი... გოგას ლანასთვის დაურეკავს, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ლანა ამბობს, ვერ მივხვდი რა მოხდა და გავიქეციო. სამსახურიდან თანამშრომელი გაკიდებია. ტაქსი გაუჩერებიათ. ტაქსის მძღოლი როგორღაც მიმხვდარა, გოგოს ბავშვი უკვდებაო… რა იფიქრა, არ ვიცით, მაგრამ რუსთაველზე ჩამოუსვამს - ბენზინი გამითავდაო… ადამიანობა ხომ გინდა, ასეთ დროს ასე მოიქცე?!

...ლანას ბავშვობის მეგობარი ვარ. 18 წელი იქნება, რაც ვმეგობრობთ. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ. იდეალური ურთიერთობა, მოსიყვარულე წყვილია. ძალიან დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი დაქორწინებამდე და ახლაც ასეა. სამი ულამაზესი შვილი შეეძინათ… უბედნიერესი ოჯახის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა... მამამ რა ქნას? ბავშვები სასეირნოდ მიგყავს სუფთა ჰაერზე და უცებ შენ თვალწინ ყველაფერი მთავრდება…

ისინიც, ვინც ეს ჩაიდინა, ალბათ სამუდამოდ არიან დასჯილები, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა თუ არ გამოვიჩინეთ ადამიანებმა, მუდმივად ასე იქნება. ბევრი მეგობარი მაკლია და ყველა ავტოავარიით გარდაცვლილი. ხმა ამოვიღოთ, რომ სხვის შვილებს მაინც აღარ შეემთხვეთ ასეთი ამბები!

დარწმუნებული ვარ, არავის უნდოდა ამხელა ცოდვის თავის თავზე დადება, მაგრამ სასაკლაოდ არის გადაქცეული ქვეყანა უცოდინარი მძღოლების გამო. როგორ შეიძლება 17 წლის ბავშვს, რომელმაც მართვა არ იცის, "მერსედესის" ჯიბი ჩამოუყვანო?! ეს ხომ უპასუხისმგებლობაა?! თურმე გოგო, რომელიც საჭესთან იჯდა, გადმომხტარა და ყვიროდა, მამაჩემს დაურეკეთ, მიშველისო. საქართველოში არაფერია გასაკვირი და არც ის, რომ ვიღაცის შვილი აღმოჩნდეს და ამის გამო აარიდონ პასუხისმგებლობას. ჯერ მშობლებს ვერც ვეკითხებით, აპატიებენ თუ არა ამ საშინელებას...

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"