განათლება, სპორტი, გართობა - ამ სამ მიმართულებას 2-18 წლის 7-8 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ სკოლების გამოფენა გააერთიანებს. მსგავსი გამოფენა საქართველოში პირველად ტარდება.
გამოფენის მიზანია შექმნას საერთაშორისო სტანდარტის პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, რომელიც ამ სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს გაუმარტივებს ინფორმაციის მიღებას ბაზარზე არსებული საჯარო, კერძო, სახელოვნებო და საზაფხულო სკოლების შესახებ, აგრეთვე, გააცნობს უცხო ენის სასწავლო ცენტრების პროგრამებს და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების პერსპექტივებს.
ერთ სივრცეში თავმოყრილი ამ ტიპის ინფორმაცია დაეხმარება მშობლებს და მოსწავლეებს სწორად დაგეგმონ სწავლის პროცესი, თავიდან აიცილონ შეცდომები, დაზოგონ საკუთარი დრო და ენერგია, შედეგად კი ხარისხიანი განათლება მიიღონ.
სკოლებთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს გამომცემლობა „პალიტრა L-იც“, რომელიც საბავშვო ლიტერატურას წარადგენს. გამომცემლობა მოაწყობს გასართობ კუთხეს, პარალელურად ჩატარდება შეხვედრები მოსწავლეების რჩეულ ავტორებთან, იქნება გასართობი ღონისძიებები.
„ჩვენ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობა, მუდმივად ვცდილობთ, ბავშვებისთვის საყვარელი კონტენტი შევქმნათ. ჩვენი მიზანია ბავშვებს კითხვა შევაყვაროთ, რადგან კითხვა ხელს უწყობს განვითარებას. ასევე ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა შემეცნებითი გასართობი თამაშები, პაზლები, რაც წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე. სტუმრებს ფასდაკლებების გარდა, საყვარელ ავტორებთან შეხვედრას და ბევრ საინტერესო გასართობ ღონისძიებას ვპირდებით. ასე რომ, ეს ის ღონისძიებაა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული იქნება ყოველი მოსული სტუმრისთვის“ - განმარტავს „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი.