გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გორის პარკში სამართალდამცველებმა ორი კარავი გაშალეს. ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც კარავია გაშლილი, სამართალდამცველების მეთვალყურეობით მიწის გათხრა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელი გორში ერთი თვის წინ მოკლული, ნანა ბერიაშვილს მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა.
იხილეთ სამძებრო სამუშაოების ვიდეოკადრები
მითითებულ ლოკაციაზე შსს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების და ტექნიკის გამოყენებით ნიადაგის გეოსკანირება ჩატარდა. აღნიშნული გეოსკანირების საფუძველზე გამოიკვეთა გარკვეული ლოკაციები, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადგილზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. პარკის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის პირველ ნოემბერს გაუჩინარდა. ბერძნიშვილის გაუჩინარების საქმეში თანხის გამოძალვის ბრალდებით სასჯელს იაგო ნებიერიძე იხდიდა.