ბატონო პუტინო, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკულ ტელეარხ NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პეტრო პოროშენკოს თქმით, ეს ის მესიჯია, რომელიც მას სურს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე გადასცეს.
"რუსეთის რეალური მიზანი ზღვის ოკუპაციაა. რაც მოხდა, აგრესიის წამოწყება იყო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის აგრესიისთვის. ვემზადებით ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთი თავს გვესხმის იმის გამო, რომ არ გვსურს რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყოთ.
რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცი, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ბრძოლას. რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის, თუ თავს დაგვესხმება" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა "ეფ ეს ბე"-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ.
შემთხვევის შედეგად, 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.