აფხაზურ და მეგრულ აჯიკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა განუცხადა, აღნიშნულით ხდება აღიარება, რომ აფხაზური და მეგრული აჯიკა ერთიანი ქართული ეთნოკულტურის ნაწილია. ასევე ის, რომ ფაქტობრივად ამ აჯიკის ბრენდირება მოხდა და საკვებ პროდუქტს ფალსიფიცირებისგან დაიცავს.
მისივე თქმით, აფხაზურ და მეგრულ აჯიკას გააჩნია თავისი ანოტაციის ბარათი, თუ როგორ წარმოიშვა და როგორ უნდა დამზადდეს ეს საკვები პროდუქტი. ამ საქმეში ლომიტაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ქეთევან პაპავას და არჩილ ზამბახიძეს, ვინაიდან აჯიკას ძეგლის სტატუსი მათი პროექტის "ქართული გემოს მემკვიდრეობის" ფარგლებში მიანიჭა.
"ქეთევან პაპავა და არჩილ ზამბახიძე დაინტერესებული არიან ქართული ეროვნული საკვები პროდუქტის წარმოებით. მათი ავტორობით მალე მეორე წიგნი გამოვა, რომელშიც ქართული კულინარიის შედევრები იქნება წარმოდგენილი და ქართველი დიასახლისებისთვის სამაგიდო წიგნი გახდება. მათ ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიარეს და მოსახლეობის ცალკეული თემებიდან აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელი საკვები პროდუქტი როდის და როგორ მზადდებოდა, რომელი დღესასწაულებისთვის. ამ შემთხვევაში ისინი უშუალოდ დამზადების ტექნოლოგიებს შეეხენ. მათ შორის იქნება აფხაზურ–მეგრული აჯიკის დამზადების შესახებაც“, – განაცხადა ლომიტაშვილმა.
მისივე თქმით, სააგენტომ დაიწყო ძალიან ამბიციური პროექტი, რაც ოკუპირეულ ტერიტორიებზე ცალკეული კულტურული ელემენტების გაძეგლების პროცესს ითვალისწინებს.
„ამით საქართველო, როგორც ღირსეული ქვეყანა, აჩვენებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ის ზრუნავს არა მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე, არამედ თანაბრად იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას. არ დაუკარგოს კულტურული მემკვიდრეობა დღეს უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ აფხაზურ „აპირპილ-ჯიკას“ და მეგრულ აჯიკას, როგორც ერთიანი ქართული ეთნოკულტურული სივრცის ნაწილს. ასე მოვიქცევით ჩვენ ოსების მიმართულებითაც“, – განაცხადა საგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით შემდეგი შეიძლება ოსური ხაბიძგინა იყოს.