ავტორი:

14 წლის გოგონამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, თავი მოიკლა

14 წლის გოგონამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, თავი მოიკლა

პუტინისთვის გაგზავნილი წერილის გამო, რომელშიც 14 წლის გოგონა დედის დაბალ ანაზღაურებაზე წერდა პრეზიდენტს, ქალაქის ადმინისტრაციამ მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. შემთხვევა 19 ნოემბერს რუსეთში, სმოლენსკის ოლქის ქალაქ საფონოვოში მოხდა.

14 წლის ნატაშამ, რომლის დედაც საფონოვოს საავადმყოფოში სანიტრად მუშაობს, რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ დედამისს ძალიან ცოტას უხდიან, თავად კი ჯანმრთელობის, კერძოდ, მხედველობის პრობლემები აქვს და მკურნალობაში დახმარება სთხოვა ქვეყნის ლიდერს...

როგორც რუსული გამოცემები (rosbalt.ru; echo.msk.ru; Радио Свобода) სმოლენსკის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერენ, წერილის შემდეგ, გოგონას დედა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დაიბარა და "შვილის თავხედური საქციელის გამო" მკაცრი საყვედური უთხრა.

"სახლში დაბრუნებული დედა, შვილს ფიზიკურად გაუსწორდა, რამაც მოზარდის შინაგანი მდგომარეობა კიდე უფრო დაამძიმა..." - წერს ადგილობრივი გამოცემა smolnarod.ru.

ნატაშა რუსეთის პრეზიდენტს დედის ხელფასის გარდა, მის სკოლაში არსებულ სიტუაციაზე, მასწავლებლებზეც წერდა. ასევე, იმაზეც, რომ მას თავისი პრობლემების, ცუდი მხედველობის გამო, კლასელები სიცოცხლეს უწამლავდნენ - დასცინოდნენ და "ციკლოპს" ეძახდნენ. ის კი, თანხების უქონლობის გამო, მკურნალობას ვერ ახერხებდა.

როგორც ჩანს, მასზე ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან ჯერ კიდევ 2015 წელს, გოგონა სოციალური ქსელის თავის კედელზე წერდა, რომ მარტოსული იყო.

"რატომ ხართ ყველანი ასეთი სასტიკები?!"; "ყოველდღე ვეკითხები ჩემს თავს - ვინმეს ვჭირდები, ოდნავ მაინც ვინმესთვის რამეს წარმოვადგენ?! ნურავის დაადანაშაულებთ ჩემს სიკვდილში, ეს მე თავად გადავწყვიტე..." - წერდა მოზარდი, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

19 ნოემბერს გოგონა სადარბაზოში ჩამომხვრჩალი იპოვნეს... მას თან ჰქონდა წერილი, სადაც წერდა, რომ ის არავის ჭირდება და მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს.

მომხდარ ფაქტს მწვავედ აკრიტიკებენ ადგილობრივი უფლებადამცველები. ისინი როგორც საავადმყოფოს, ასევე სკოლის ადმინისტრაციას და ხელმძღვანელობას, მთლიანად ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, სამარცხვინოს უწოდებენ.

"ამ გოგონას პროტესტის ფორმა ჩვენი ქვეყნის სახეა. ეს მისი სულის გამოძახილი იყო. გოგონა, ძალიან დარდობდა დედამისის დაბალ ანაზღაურებაზე, რომელიც ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. როგორც ჩანს საავადმყოფოს ხელმძღვანელს მოუვიდა პასუხი - "გაარკვიეთ" დამათაც თავისებურად დაიწყეს "გარკვევა", მომჩივანის დედას შეუტიეს, მან კი უფროსობის ჯავრი შვილზე იყარა, რომელიც თავისი გულუბრყვილო გონებით დედაზე დარდობდა...

ჯოხი მოზარდზე გადატყდა, რომელიც ისედაც ცუდად იყო - თანატოლებისგან შევიწროებული და გარიყული... ჩვენ ხომ განათლების სისტემა არ გვაქვს და კიდევ დიდხანს, წლების განმავლობაში ასე იქნება... მას არავინ ჰყავდა ვინც მოუსმენდა, ვისაც თავის გულისტკივილს მოუყვებოდა. სკოლაში თავისი მხედველობის გამო დასცინოდნენ... მან კი ბავშვური ჭკუით გამოსავალი იპოვა და პუტინს წერილი მისწერა. პატარა მებრძოლი უარეს ჩიხში მოაქციეს - გაწირეს..." - წერს ჟურნალისტი ლუდმილა შერშნევა.

სოციალური ქსელის რუსი მომხმარებლები წერენ, რომ ბავშვი დღევანდელი რუსეთის მოზარდებში არსებული პროლემებს ნათლად ასახავს, რადგან სკოლებში ბულინგი მძვინვარებს და მას მოზარდები “მგლური კანონებით” უპირისპირდებიან, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ ინდობენ.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსეი ოსტროვის თქმით, მან ამ საქმის გამოძიებაზე კონტროლი თავად აიღო. თუმცა, ადგილობრივებს ამის არ სჯერათ, რადგან არსებული ცნობით, გოგონასთან სახლში “მკაცრი გაფრთხილებისთვის” ოლქის ადმინისტრაციიდანაც მივიდნენ...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე