დაარსებიდან დღემდე, გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს. კურორტი 2018-2019 წლების სეზონს სიახლეებით ხვდება - შენდება 6 ახალი საბაგირო და მიმდინარეობს ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება. ახალი საბაგიროების მშენებლობა კურორტზე 3.5-ჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის გადაყვანას შეძლებს, რიგების გარეშე.
კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე ამბობს, წელს გუდაურის სტუმრებს სრულიად ახალი კურორტი დახვდებათ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს: კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 კმ სიგრძისაა და 100 000 მ³ ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი-ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა.
მთის კურორტებზე დაგეგმილ სიახლეებზე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე გვესაუბრება:
- დამსვენებლების რაოდენობა საქართველოს მთის კურორტებზე ყოველწლიურად მზარდია, რით არის ეს განპირობებული?
- გუდაურიში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძიზე "სკიდატას" უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 491%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფასები გვაქვს ძალიან დაბალი ევროპის სხვა სამთო-სათილამურო კურორტებთან შედარებით. ვიზიტორების ზრდაში, დიდ როლს თამაშობს დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები, გამოფენები - ჩვენი კურორტების გაცნობა სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია.
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან მთის კუროტები - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი?
- ბაკურიანი ძირითადად ოჯახური დასვენებისთვის არის განკუთვნილი. ძალიან ბევრი სპორტსკოლაა, ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ ბაკურიანში ეზიარება თხილამურს.
გუდაური უფრო ექსტრემალებისთვისაა, ალპური ზონაა და შესაბამისად არის როგორც გატკეპნილი სათხილამურო გზები, ასევე გაუკვალავი.
კურორტი გოდერძი ახალია, რომელიც „ფაუდერის“ მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია. კურორტზე ახალ-ზელანდიელი ტურისტიც გვყავდა, რომელიც აღფრთოვანებული იყო როგორც ბუნებით ასევე თოვლის ხარისხით.
სვანეთს სხვა ეგზოტიკა აქვს, 30 კილომეტრიანი სათხილამურო გზა თეთნულდზე, ასევე გაუკვალავი. თეთნულდს დიდი პოტენციალი აქვს, სპეციალისტების დასკვნით, კურორტი ერთდროულად 7 000-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4 100 მოთხილამურეს მოემსახურება. სათხილამურო პერიოდი აქ 6-7 თვემდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ჰაწვალს ულამაზესი ბუნება, ტყეში გაკეთებული სათხილამურო გზა იდეალურია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით გასული წლის სეზონზე სვანეთის ხუთ სოფელში მცირე ზომის საბაგიროები გაკეთდა, დიდი სურვილი გვაქვს ჩვენთან სპორტსმენები გაიზარდონ, რომლებიც საქართველოს სახელს წარმატებით გაიტანენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია სასტუმროების ჯავშნებთან დაკავშირებით?
- ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან. ძალიან კარგი მდგომარეობაა ჯავშნების თვალსაზრისით ამ წუთის მონაცემებით, საახალწლოდ ნომრების 80-100% დაჯავშნილია სასტუმროებში. ტურისტები არიან უკრაინიდან, რუსეთიდან, ევროპიდან და ბალტიისპირეთიდან. ახალი წელი თითქმის სულ დატვირთულია, ვითარდება გუდაური ასევე ვითარდება კერძო სექტორიც, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია.
- რამდენად მნიშვნელოვანია კურორტებზე ხელოვნური გათოვლიანება?
- გვაქვს კურორტები სადაც საჭიროა ხელოვნური გათოვლიანება, გვაქვს კურორტები, რომელიც არ საჭიროებს. კურორტი გოდერძი და სვანეთი სწორედ ეს გამონაკლისია, სდაც ბუნებრივად უხვი რაოდენობის თოვლი მოდის. 2015 წელს გახდა საჭირო დაგვემონტაჟებინა ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და დიდველზე, პროექტი წარმატებით განხორციელდა და მომხმარებლის კმაყოფილებაც გამოიწვია. როცა კურორტზე გაქვს ხელოვნური თოვლი, აღარ ხარ დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონიც ადრე იხსნება, ეს დიდი ფუფუნებაა. როგორც აღვნიშნეთ, წელსაც მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, ეს კურორტს კიდევ ერთ წარმატებას მოუტანს.
- როდის გაიხსნება ზამთრის სათხილამურო სეზონი?
- კურორტი გოდერძი 8 დეკემბერს მიიღებს ვიზიტორებს, პირველი სწორედ გოდერძი გახსნის სათხილამურო სეზონს. გუდაური 15 დეკემბერს გაიხსნება, 22 დეკემბერს გაიხსნება თეთნულდი - ჰაწვალი, კოხტა-მიტარბი.
სამომავლოდ, მთავარი პრობლემა რომელიც უნდა მოვაგვაროთ, პარკინგის პრობლემაა. უნდა შეიქმნას მუნიციპალური ტრანსპორტი რაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბაკურიანში გვინდა სასრიალო არეალის გაფართოება დიდველი-კოხტა-მიტარბის გადაბმა და ერთ ზონაში მოქცევა. ასევე კოხტა-მიტარბიზე ხელოვნური გათოვლიანების დამონტაჟება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება.