მთელი ოჯახი უნდა გავამწარო ადვოკატთან ერთად, როგორც მე გამამწარეს მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
ის ადვოკატთან, მაია ქავთარაძესთან ერთად მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის უფლებადამცველის, ნაირა ოტიაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ადვოკატს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.
„ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, თუ როდის შევიტანთ სარჩელს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ვამზადებთ. ჩემი შვილი ჯერ გაციებული არ იყო, ადვოკატმა ათასი სისულელე რომ ილაპარაკა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ის იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლადო გრიგალაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და უვადო პატიმრობას თბილისის სააპელაციო სასამართლოც ძალაში დატოვებს.
„ადვოკატმა ინტერვიუში განაცხადა, რომ გასაჩივრებას აპირებს. ის კი არ თქვა, დამნაშავე არ არისო, სხვა ქვეყანაში სასჯელს ამდენს არ მისცემდნენო, ეს თქვა.
რა თქმა უნდა, მე ჩემს პოზიციას დავიცავ. ბოლომდე ვენდობი პროკურატურას, სასამართლოს. სააპელაციოც აუცილებლად ძალაში დატოვებს ამ განაჩენს, ამის იმედი მაქვს! ის მოსამართლეც ადამიანია“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.