საქართველო დღეს პრინციპული, თუმცა მარტივი არჩევანის წინაშე დგას. პრინციპულის იმიტომ, რომ ამ არჩევანზე ქვეყნის სწორი სვლაა დამოკიდებული, ხოლო მარტივის იმიტომ,რომ ძნელი არ არის გააკეთო არჩევანი ევროპასა და საბჭოთა წარსულს, სტაბილურ განვითარებასა და მოჩვენებით მოძრაობას, თავისუფლებასა და შიშს, სიკეთესა და ბოროტებას შორის.
პოლიტიკა ბიზნესისთვის და ბიზნესი ქვეყნისთვის - თუ ეს ფორმულა სწორად მუშაობს, ქვეყანა ვითარდება. ასეთ დროს ბიზნესმენისთვის მთავარი ის ხდება, თუ რით გამოადგება იგი სამშობლოს და არა პირიქით.
დღეს საქართველოში სწორედ ეს დროა, თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო - 2012 წლამდე ბიზნესი პოლიტიკოსთა გაურკვეველ ინტერესს შეწირული მყიფე სეგმენტი იყო, რომელსაც გრძელვადიანი განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა.
სამწუხაროდ, დღეს გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ეს უსიამოვნო წარსული რეალობად იქცეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში არასოდეს გავრეულვარ,მსურსმხარდაჭერა გამოვხატო იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც განვითარების სტაბილური გარემო შექმნა და ინვესტორს საქართველოში უსაფრთხო საქმიანობის მყარი გარანტიები მისცა.მაგალითად,თუ 2012 წლამდე საქართველოს მეღვინეობაში მხოლოდ 20- მდე მწარმოებელი იყო, დღეს ეს რიცხვი 300-მდეა გაზრდილი, ამასთან, ბევრ წარმოებაში უმეტესად ქართული ინვესტიციაა განხორციელებული.
რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის უპრეცედენტო მხარდაჭერა და მისი განვითარებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნა, ჩვენი კომპანია 2012 წლიდან დღემდე,ვერ მოახერხებდა 10 ახალი საწარმოს გახსნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამასთანავე, უვიზო რეჟიმის დაწესებამ, რომელმაც განაპირობა თავისუფალი მიმოსვლა, მოგვცა შესაძლებლობა,KTW-s შვილობილი კომპანია გაგვეხსნა ევროპაში, რამაც ხელი შეუწყო ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას.
დღეს კი ჩვენს უცხოელ პარტნიორებში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან ყველას ახსოვს, ტერორის რა გზა გაიარა საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა. არის რისკი, ისევ დაიხუროს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალმილიონიანი საერთაშორისო ბაზრები, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს.
დღეს საქართველოში ასეთი კითხვების გაჩენის დრო არ არის, რადგან ქვეყანა ბიზნეს საქმიანობას მყარ საფუძველს თავად უქმნის, შემდეგ კი იგი, ნაბიჯ-ნაბიჯ, წლობით მიიწევს წინ. ჩვენთან ეს საფუძველი უკვე ჩაყრილია; ახლა სტაბილური განვითარების დროა, იმ დემოკრატიული მონაპოვრის დაცვის დროა, რომელმაც საზოგადოება შიშისგან, ბიზნესი კი ტერორისგან იხსნა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ეს მონაპოვარი და დავიცავთ კიდეც, რადგან მთავარი მიზანია - „საქართველო - უპირველეს ყოვლისა!“
R