ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედია, ალბათ დიდხანს წარუშლელი კადრი იქნება ყველას ცნობიერებაში, თუმცა, ეს განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ ადგილზე მუშაობდა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა...
წლებია გვესმის, რომ მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი რესპონდენტების მიერ მოყოლილი ამბებიდან ეს ყოველთვის დასტურდება... 7-საათიანი სამძებრო ღონისძიებების მონაწილეები იმ უმძიმეს პროცესს იხსენებენ, როდესაც ნახევრად დანგრეულ საცხოვრებელ კორპუსში ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ეძებდნენ...
პაატა ჩხიტუნიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გათვლის სამსახურის უფროსი:
- პირველ რიგში მინდა მივუსამძო გარდაცვლილების ოაჯხს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. ეს იყო ჩემს ცხოვრებასა და საქმიანობაშ უმძიმესი დღე... დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული პროცესია...
გამოძახებაზე მისვლისთანავე დავიწყეთ მოქალაქეების ევაკუაცია. პირველ რიგში დაშავებულები გამოვიყვანეთ მეორე სართულიდან, რომლებიც აფეთქების შედეგად, მეორე სართულიდან ჩამოვარდნენ... დაზიანებები ჰქონდათ, დამწვრობები აღენიშნებოდათ. იმავდროულად სადარბაზოში მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობდა, რადგან აფეთქებები საკმაოდ ძლიერი იყო, მთელ სადარბაზოში თითქმის ყველა კარი გაიჭედა და მათი გაჭრა მოგვიწია, რომ მოქალაქეები გამოგვეყვანა...
ამასთან ადგილზე მისვლისთანავე, მოპოვებული და უკვე დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მეორე სართულის ბინაში უნდა ყოფილიყვნენ დედა-შვილი. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მათ გადარჩენაში მეხანძრე-მაშველების მუშაობასა და დროს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ისინი უკვე გარდაცვლილები იქნებოდნენ, უბრალოდ, მთავარი იყო მათი გამოყვანა...
მე-13 წელია ამ სამსახურში ვარ, ძალიან ბევრ სამაშველო ოპერაციაში ვმონაწილეობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დღე, რადგან ვიცოდი, რომ უნდა გვეპოვა დედა-შვილი, პატარა ბავშვი, რომლებიც უკვე ცოცხლები აღარ იქნებოდა... ეს იყო დაახლოებით 20-25 მეტრის კვ. ფართობის ტერიტორია, სადაც სინკარების ქვეშ მოყოლილი იყო დედა-შვილი, ვიცოდით, დაახლოებით სად იყო ცხედრები, მაგრამ ძალიან რთული პირობები იყო.
მათ გამოსაყვანად რკინა-ბეტონს ვამტვრევდით, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა გვემოქმედა, რომ დამატებითი ნგრევა არ გამოგვეწვია... ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური ფონი, გარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ და მათი ტირილის ხმა მუდმივად გვესმოდა... ვნახე გარდაცვლილი ქალი, მძინარე, პიჟამოში იყო და სავარაუდოდ, წამებში, ძილშივე დაიღუპნენ... მიმძიმს ამის გახსენება, მაგრამ ერთგვარად შვებით ამოვისუნთქეთ, როდესაც ბავშვთანაც მივედით, ანუ მისი ხელით შეხება და გამოყვანა შევძელით.
ლევან შარვაძე, თბილისის სამაშველო განყოფილების უფროსი ინსპექტორი:
- ყველაზე რთული და მძიმე იყო ჩვენთვის, იმის გაფიქრება, რომ იმ ნანგრევებში ჩვილი ბავშვი უნდა გვეძებნა... ამის გაფიქრებაც კი სისხლს გვიყინავდა, მაგრამ შედეგი უკვე დამდგარი იყო და ახლა მთავარი იყო მათი ნებისმიერ მდგმარეობაში გამოყვანა... ძალიან საშიში სამუშაო გახლდათ, რადგან 9-სართულიანი შენობა მთლიანად იყო ამორტიზებული და ნებისმიერი სამუშაო იარაღის დარტყმა, ჩაქუჩი იქნებოდა თუ ცული, ან სულაც ნაბიჯის გადადგმა, შესაძლოა, სავალალო აღმოჩენილიყო ჩვენთვის და ჩამოშლილი სინკარების ქვეშ მოვყოლოდით.
ბავშვი და დედა ნებისმიერ მდგომარეობაში პატრონისთვის უნდა ჩაგვებარებინა... არ ვიცი, მაინც უნდა ვთქვა... მაინც ვფიქრობდით, იქნებ სასწაული მოხდეს და ცოცხლები იყვნენო... შემდეგ, უკვე როდესაც ბავშვის სხეული გამოჩნდა, სინკარის ქვეშ იყო მოყოლილი, პაწაწუნა ხელი და ფეხი ჩანდა, წინდები ეცვა. ეს არის კადრი, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება...
ერთი სიტყვით, ყველაფერი გასაგები იყო. გარშემო ჩამოშლილი სინკარები ეყარა. ცხედრებთან მისასვლელად ისინი უნდა მოგვეხსნა... გარშემო ისეთი ვითარება იყო, რომ აფეთქებიდან წამებში დაიღუპებოდნენ. ნანგრევებში სახლის ნივთები, ქვეშაგები ერთმანეთში იყო არეული.
უმძიმესი სიტუაცია იყო გარეთ, ბავშვის მამა და მათი ახლობლები იდგნენ გარეთ. ჩვენ, მაშველებს, ოჯახი და შვილები გვყავს და ძალიან მტკივნეულია ამის გაცნობიერება. წლებია ამ სამსახურში ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი დღე, რომლის მსგავსი არ მინდა ოდესმე განმეორდეს...
15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მისი შვილი. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი. 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.
ცნობილი გახდა რომ, ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.