იაპონელი ჟურნალისტი ძიუმპეი იასუდა, რომელიც 40 თვის განმავლობაში სირიაში, ტერორისტული დაჯგუფება "ჯებჰატ ან-ნუსრას" ტყვეობაში იყო, თავისუფალია. ჟურნალისტი თითქმის 3 წლის განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში იყო და თავისი ქვეყნის ხელისუფლებას დახმარებას მუდმივად სთხოვდა. გათავისუფლების შემდეგ იასუდამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მომხდარის გამო თავადაც წუხს და შეწუხებისთვის ბოდიში ქვეყნის ხელისუფლებასაც მოუხადა.
"მინდა პატიება ვთხოვო ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას, ყველა იმ ადმიანს, რომელიც ჩემი ქმედებების გამო ამ მდგომარეობაში ჩავაყენე... ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო..." - განაცხადა ჟურნალისტმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ტყვედ ყოფნის პერიოდზე ისაუბრა.
მისი თქმით, იძულებით მიაღებინეს ისლამი და მთელი 40 თვის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.
"ეს იყო 40 თვიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი. ასე მეგონა ვერასდროს დავლევდი წყალს, შევჭამდი საჭმელს, დავიძინებდი უსაფრთხოდ... არაადამიანურ პირობებში მყოფი სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ ეს ძალიან დიდი ფუფუნება იყო და თვითმკვლელობაც კი ვერ მოვახერხე" - იხსენებს ის.
იაპონელი ჟურნალისტი სირიაში, იდლიბის პროვინციაში 2015 წელს ჩავიდა, სადაც ტერორისტების მიერ თავისი კოლეგის და ასევე, იაპონელი ბიზნესმენის სიკვდილით დასჯის საქმეს იძიებდა... ის იქ არსებულ ვითარებაზე აქტიურად წერდა სოციალური ქსელის პირად გვერდზეც, ერთ დღეს კი მოულოდნელად გაქრა... ბოლო პოსტში ამბობდა, რომ საკმაოდ სერიოზულ მტკიცებულებებს მიაგნო, თუმცა საქმე გართულდა და სოციალური ქსელში ვეღარ იაქტიურებდა.
მალე მისმა კოლეგებმა განგაში ატეხეს, რადგან ძიუმპეი იასუდას კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობი იყო. შემდეგ გაირკვა, რომ ის "ალ ქაიდას" დაჯგუფებაში მყოფ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჯებჰატ ან-ნუსრას" ჰყავდა გატაცებული. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ფრანგული ფილიალი იუწყებოდა. გამტაცებლები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.
2016 წლის მარტში სირიელი გამტაცებლების მიერ იაპონელი ჟურნალისტის პირველი ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახზე ლაპარაკობდა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა. "რაღაც მინდა ჩემს ქვეყანას ვუთხრა, მაგრამ არავინ ჩანს, არავინ მპასუხობს, არავინ ზრუნავს ჩემზე... მე მეტი არ შემიძლია..." – ამბობდა იასუდა თავის მიმართვაში.
შემდეგ გაირკვა, რომ სირიელ გამტაცებლებთან მოლაპარაკებას ასევე სირიელი ტარიკ აბდულ ჰაკი აწარმოებდა, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში თუ საქმეში იაპონიის ხელისუფლება არ ჩაერთვებოდა, რადიკალი ისლამისტები ჟურნალისტის ISIS-ისთვის მიყიდვას აპირებდნენ.
თავის მხრივ იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქმის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მშრალი კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ.
მოგვიანებით ტარიკ აბდულ ჰაკიმ იაპონელი ჟურნალისტის ფოტო გაავრცელა, ხელში წარწერით - "გემუდარებით დამეხმარეთ, ეს ჩემი ბოლო შანსია". ეს ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ მას ISIS-ის გადასცემდნენ. ამ მიმართვიდან დაახლოებით ერთი წლის განმვალობაში მასზე ინფორმაცია არ არსებობდა. მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კი, მისი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და თავის ოჯახს მალე ნახავდა. დასავლური მედიის ცნობით, იაპონიის ხელისუფლებამ ყველაფერი მისთვის ჩვეული სიმშვიდით მოაგვარა, თუმცა არ არის ცნობილი რა თანხის სანაცვლოდ. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან მოკლე კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ.
40 თვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულ ძიუმპეი იასუდას ტოკიოს აერპორტში ოჯახი, მეულე და ძმა დახვდა. აღსანიშნავია, რომ ძიუმპეი იასუდა მეორედ ჩავარდა ტყვედ. პირვლად ის 2004 წელს, ბაღდადში აიყვანეს და სამი დღის განმალობაში მასზე არაფერი იყო ცნობილი. შემდეგ კი იაპონიის ხელისუფლების ძალისხმევით გაათავისუფლეს.