"მხოლოდ ქართული 2"-ისთვის ჟიური საქართველოს მასშტაბით მონაწილეებს არჩევს. შესარჩევ ტურებს აქტიურად თვალყურს ადევნებს მუსიკალური კონკურსის წინა სეზონის მონაწილეთა მთელი გუნდი. AMBEBI.GE-ს ამჯერად კონკურსის პირველი გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი ესაუბრება.
"ყოველ კონკურსზე ვრწმუნდები, რომ უსაზღვროა ქართველების მუსიკალური მონაცემები. რომ გგონია, კიდევ რაღა უნდა მოხდეს და აღმოაჩენ ვიღაცას, ვინც ძალიან ნიჭიერია!
უკვე არიან კონკურსანტები, რომლებიც დამამახსოვრდნენ. პირველი გადაცემიდან მახსოვს ვარდისფერთმიანი ნათია ღლონტი გურიიდან, სამწუხაროდ, შემდეგ ტურში ვერ გადავიდა და გული ძალიან დამწყდა, თუმცა ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება და ე.ი. ცხოვრება უფრო კარგს უმზადებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ექნება. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიოს...
- შესარჩევ ტურებს როდესაც უყურებ, შენი თავი არ გახსენდება?
- რომ ვუყურებ, მგონია, რომ სადღაც მეც გამოვალ, - ასეთი განცდა მაქვს... შესარჩევ ტურებს მაშინაც ყველა ერთად ვუყურებდით ხოლმე, ის ემოცია მახსენდება და პარალელს ვავლებ... ჟიურის მიმართ შიში არ მქონია, ყველა წევრის აზრი საინტერესო იყო, მაგრამ მახსოვს, რომ განსაკუთრებით მაინტერესებდა მარინა ბერიძის შეფასება. გიორგი უშიკიშვილისგანაც მინდოდა, გამეგო, რას ფიქრობდა, რადგანაც ფოლკლორს ვმღეროდი და მისი შეფასება, რჩევა მნიშვნელოვანი იყო.
ჩემდა გასაოცრად, მარინა ბერიძე ძალიან თბილად შემხვდა, თუმცა უფრო მეტ შენიშვნას ველოდი... "მხოლოდ ქართული 2"-ში არიან კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით მღერიან და ამ ორი ეპიზოდის შემდეგ ათეულში წარმოვიდგენ. მორიგი ტურიც მნიშვნელოვანია, რადგანაც როცა ძალიან ნერვიულობ, საინტერესოა, როგორ წარმოაჩენ თავს და ამ ტურის შემდეგ უკვე გარკვეული შეფასებაც შეგვეძლება.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ამ კონკურსის გამარჯვებული გახდი?
- ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება 2 ნაწილად იყოფა - "მხოლოდ ქართულამდე" და "მხოლოდ ქართულის" შემდეგ. დღეს აბსოლუტურად სხვანაირია ჩემი ცხოვრება. მანამდე არ ვიცოდი, საკუთარი თავი წინა პლანზე როგორ წამომეწია, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში... თუმცა ეს პროცესი ზოგჯერ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება გაუგრძელდეს და ვერც იპოვოს... პროექტი სამი თვე მიმდინარეობდა და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ჰოპ და უცებ სამი წლით გავიზარდე...
პიროვნულადაც ბევრ რაღაცაზე შემეცვალა შეხედულება, მაგალითად, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, ქართულ მუსიკაზე... ეს უკანასკნელი კი ხომ საერთოდ თავიდან აღმოვაჩინე და შევიყვარე! დიახ, დიდი გარდატეხა მოხდა, ქართული სიმღერა შევიყვარე, არადა, მანამდე არც ვეკარებოდი. ახლა უკვე იმდენად ჩემია, რომ მის გარეშე ცხოვრება არც წარმომიდგენია და სულ ჩემთან იქნება. დიდი სურვილი მაქვს, ქართული სიმღერა დავწერო და ალბათ ამას დრო მოიტანს...
- გაქვს კონცერტები, გასტროლები, რეპეტიციები, ამასთან, ხარ სტუდენტიც. როგორ ასწრებ?
- ამ დატვირთული რეჟიმის ფონზე პრიორიტეტების დალაგება მომიხდა. საკითხი დავუსვი ჩემს თავს - ფსიქოლოგია თუ მუსიკა? რომელია პირველ ადგილზე? დაუფიქრებლად მუსიკა ავირჩიე. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვარ, ნიჭიერთა ათწლედში ვოკალზე ვსწავლობ. მოკლედ, უპირატესობა მუსიკას და ამ მხრივ განვითარებას მივანიჭე.
მიჭირს ძალიან სასწავლებელში სიარული, ვერ ვახერხებ. ხან კონცერტია, გადაღება, რეპეტიცია. კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობ, სადაც ყოველ ლექციაზე შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთო, მოუსმინო, მოემზადო, რაც მთავარია, გამოცდებამდე მიაღწიო და კარგი შედეგი გქონდეს. სანახევროდ საქმის კეთება არ მიყვარს. ან ვაკეთებ ძალიან კარგად, ან მირჩევნია, ცოტა ხანს გვერდით გადავდო და მერე თუკი შესაბამისი დრო გამიჩნდება, დავუბრუნდე. მირჩევნია, ისეთი დიპლომი მქონდეს, რომელსაც რეალური ძალა ექნება.
- რას აპირებ?
- ალბათ აკადემიურს ავიღებ. იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. თან, ბერკლის უნივერსიტეტში უნდა წავიდე, გამარჯვების შემდეგ, "ავერსმა" და "რუსთავი 2"-მა ხომ დამასაჩუქრეს. იმ პერიოდში კიდევ ერთხელ გადავაფასებ რაღაცებს. ეგ დრო იქნება გადამწყვეტი, რას გავაკეთებ მომავალში - ჩემს თავს უფრო ახლოს დავინახავ.
- პოპულარობას როგორ შეეჩვიე?
- უბედნიერესი ადამიანი ვარ, როცა თბილ სიტყვებს მეუბნებიან. ხანდახან თქმაც არ არის საჭირო, შეიძლება უბრალოდ გაგიღიმონ და მთელი დღის განწყობა შეგიქმნან. რა უნდა მოხდეს, რომ პოპულარობის გამო მოვიწყინო, ამის გარეშე ცხოვრება აღარ წარმომიდგენია და ძალიან გამიჭირდება, რადგანაც სულიერი საზრდოა. თან, ეს ყველაფერი იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ შენგან მეტი და მეტი მოლოდინი აქვთ...
მანამდე არავინ გიცნობდა და უცებ ასე გაგიცნეს. ეს ერთგვარი შოკური მდგომარეობაა, რამაც გარკვეულწილად ჩემზე გავლენა იქონია. ამიტომ, სულ ვაკონტროლებ სიტუაციას, რომ ჩემი თავი არ გამექცეს. თუ ერთი გამექცა, ეს დამანგრეველი იქნება - მერე აღარც მუსიკა იქნება საჭირო.