ავტორი:

თბილისელი გოგონა ისრაელის ჯარში: "18 წლის ვიყავი, რომ გამიწვიეს..."

თბილისელი გოგონა ისრაელის ჯარში: "18 წლის ვიყავი, რომ გამიწვიეს..."

ისრაელის ჯარში ქალების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel წერს, რომ მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში ისრაელის ჯარს 1000 ქალი შეუერთდა.

სამხედრო სამსახური ისრაელში თანაბრად სავალდებულოა როგორც ქალებისთვის, ასევე - კაცებისთვის. საქართველოში დაბადებული გოგონა, ლიკა აბგაროვა, რომლის ოჯახი ისტორიულ სამშობლოს 10 წლის წინ დაუბრუნდა, AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ჯარში ყოფნა ისრაელის ყველა მოქალაქისთვის დიდი პატივია. ლიკა ახლა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში სწავლობს.

„საქართველოდან წამოვედი 2008 წელს, ომის დროს, დედასთან ერთად. ირონიულია, მაგრამ იმ დროს აქაც ომი იყო. თავიდან ძალიან გამიჭირდა ცხოვრება - უცხო ენა, ფინანსური მდგომარეობა... მაგრამ ეს რეპატრიანტების ქვეყანაა და თითქმის ყველამ იცის, რისი გავლა გვიწევს ახალ ადგილას. აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება და უმარტივებს ახალ სიტუაციასთან ადაპტაციას.

- ჩასვლიდან რამდენ ხანში გაგიწვიეს ჯარში? როგორი პირობებია ჯარში ქალებისთვის, რამდენად მძიმე ფიზიკური დატვირთვა უწევთ და შენ რას აკეთებდი, კონკრეტულად?

- 18 წლის ვიყავი, ჯარში რომ გამიწვიეს - სკოლის დამთავრებისთანავე. ქალებისთვის უამრავი პოზიციაა შეიარაღებულ ძალებში, მაგალითად - მათი ნაწილი მფრინავია, ნაწილი საოფისე სამუშაოს ასრულებს, ყოველ პოზიციას თავისი მომზადების პროცესი აქვს. მე პირადად ვიმსახურე პრეს-სამსახურში და უცხოურ პრესასთან კავშირი და სოციალური ქსელების მართვა მევალებოდა.

გავიარე ფიზიკური მომზადებაც - სროლა, კრავ მაგა, შევისწავლე ისრაელის თავდაცვითი ძალების ღირებულებები.

- არის თუ არა შესაძლებელი, ჯარისთვის თავის არიდება და ზოგადად, ამისი სურვილი თუ უჩნდებათ ისრაელელებს?

- ჯარისთვის თავის არიდება არის შესაძლებელი, მაგალითად - შეზღუდული შესაძლებლობების შემთხვევაში, ან - თუ ადამიანი იდეოლოგიურად პაციფისტია. მე არ ვიცნობ ისრაელელს, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა - პირიქით, ბევრი მოხალისედ მიდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ან - ალტერნატიულ სამსახურს ასრულებენ საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში და ა.შ.

- ღაზას სექტორთან სიტუაციის ესკალაციის შემდეგ როგორი სიტუაციაა ისრაელში, რას ფიქრობენ თავად ისრაელელები მომხდართან დაკავშირებით?

- მომხდარის გამო ისრაელის მოქალაქეების ყოველდღიური რუტინა შეიცვალა. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში ოჯახები ღამეებს ათენებენ, ბავშვები სკოლაში და ბაღში ვერ დადიან, საშიშროება ძალიან დიდია - არავინ იცის, შემდეგი რაკეტა როდის და სად ჩამოვარდება. ადგილობრივი არჩევნებები გაუქმებულია.

საზოგადოებრივი აზრი აქ ორად იყოფა - ისრაელელების ნაწილი ფიქრობს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ, ნაწილი კი ამბობს, რომ ჯობია ჩატარდეს სამხედრო ოპერაცია, რადგან მუდმივ შიშსა და ტერორში ცხოვრება „ცხოვრება არ არის“.

„რკინის გუმბათი“ ძალიან გვეხმარება ჭურვების მოგერიებაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის 100%-იანი თავდაცვა.

იერუსალიმში დაძაბულობას ნაკლებად ვგრძნობთ, თუმცა ბევრად ფრთხილად ვიქცევით, ვიდრე აქამდე.

- იმედია, სამხედრო დაპირისპირებების რისკი აღარასოდეს დადგება, მაგრამ თუ საჭირო გახდა და საომარ ვითარებაში გაგიწვიეს, როგორც სამხედრო პირი, მზად ხარ ამისთვის? რა რეაქცია ექნებათ შენი ოჯახის წევრებს?

- ყოველთვის ვარ მზად ამისთვის, საუბარია ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ანუ, ჩვენი ოჯახების და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე.

პატარა ქვეყანა გვაქვს და მისი დაცვა ყველას ვალდებულებაა, მათ შორის ჩვენი ოჯახისთვისაც, აქ ყველა ამ ღირებულებებით ვიზრდებით!

კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს