ავტორი:

სიმამრის მიერ შეკვეთილი მკვლელობა და ვაკეში მოკლული უცხოელი დიპლომატი - უვადო პატიმრების გახმაურებული საქმეები

სიმამრის მიერ შეკვეთილი მკვლელობა და ვაკეში მოკლული უცხოელი დიპლომატი - უვადო პატიმრების გახმაურებული საქმეები

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ უვადო პატიმრების სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა - საქმე "საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განხილვისთვის მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მსჯავრდებულები "ამნისტიის შესახებ კანონის" იმ მუხლებს ასაჩივრებდნენ, რომლებიც მათი აზრით, დისკრიმინაციულია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფლებადამცველთა კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, სასამართლომ უვადო პატიმრებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის უკანასკნელი იმედი წაართვა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი უვადო პატიმარი უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, ხოლო რამდენიმე მათგანს სასჯელი არასათანადოდ აქვს შეფარდებული. მოსაზრების დასადასტურებლად ის მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი უვადო პატიმრის ისტორიას გვიყვება.

დიპლომატის მკვლელობის საქმე

ზურაბ ბრეგვაძე 1998 წელს დააკავეს, მაშინ როდესაც სიკვდილით დასჯა ერთი წლის გაუქმებული იყო და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 19 წლის ბრეგვაძე საქართველოში გაეროს წარმომადგენლის, მარია ვევიორსკას ვაკეში მდებარე ნაქირავებ ბინაში, ქურდობის მიზნით შეიჭრა. ძარცვის პროცესში მას ვევიორსკა დაადგა თავზე. უცხოელი დიპლომატი ქალი ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენი აღმოჩნდა და მძარცველს ფიზიკურად გაუსწორდა. 19 წლის ბრეგვაძე ქალს ხელიდან ვერ დაუსხლტა, ესროლა და მოკლა.

ულებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელი არასათანადოდ აქვს შეფარდებული. მისი თქმით, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ბრეგვაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა არ უნდა შეფარდებოდა.

ამის დასადასტურებლად მას მოჰყავს ციტატა მსჯავრდებულის 1998 წლის განაჩენიდან:

ბინაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში, ვევიორსკა დაბრუნდა და შევიდა ბინაში. ზურაბ ბრეგვაძემ მხილებისაგან თავის დახსნის მიზნით, ვევიორსკას თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა

ნიკოლაიშვილის თქმით, ეს ფრაზა მოწმობს იმას, რომ ბრეგვაძის განზრახვა იყო ბინის ფარული გაქურდვა და არა მისი დაყაჩაღება ან მოკვლა.

"ფაქტია, ხომ? ამ მიზნით მან შეარჩია ის დრო, როდესაც მობინადრე შინ არ იმყოფებოდა, ფარულად შეაღწია ბინაში და მაშინაც კი, როდესაც სახლის პატრონი მას მოულოდნელად თავს წაადგა, ბრეგვაძეს არ განუზრახავს მისი მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თან არსებული მაყუჩიანი პისტოლეტის ტარის თავში ჩარტყმის ნაცვლად, მას პირდაპირ ესროდა და მოკლავდა" - განმარტავს ნიკოლაიშვილი.

უფლებადამცველის თქმით, მოკლული ვევიორსკა რიგითი ადამიანი რომ ყოფილიყო და არა უცხოელი დიპლომატი, დანაშაული განზრახ მკვლელობად არ დაკვალიფიცირდებოდა, ხოლო 19 წლის ბრეგვაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთას არავინ მიუსჯიდა.

უდანაშაულო უვადო პატიმარი?!

კიდევ ერთი უვადო პატიმრის შესახებ, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ თეიმურაზ ბაჩო შარაშენიძე გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას შემდეგ, საქართველოს ისტორიაში მესამე უვადო მსჯავრდებული იქნება, რომელსაც უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ. ბაჩო შარაშენიძეს უვადო სასჯელი თბილისში 15 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე აქვს შეფარდებული.

2003 წელს ბახტრიონის ქუჩაზე, პარლამენტის ორგზის დეპუტატის, დეზერტირების ბაზრის დირექტორის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილი ზურაბ ზუბადალაშვილი საკუთარი მეუღლის, თამარ ჩიჩუას თვალწინ იარაღის გასროლით მოკლეს. მალევე დააპატიმრეს საქმეში მონაწილე პირები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზუბადალაშვილის მკვლელობა საკუთარმა სიმამრმა შეუკვეთა. შურისძიების მოტივად ქალიშვილზე სიძის ძალადობა დასახელდა. როგორც ამბობდნენ, ზურაბი ნარკოდამოკიდებული იყო და თამარს სადისტურად ექცეოდა.

საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ბაჩო შარაშენიძეს მკვლელობასთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან შეხება არ ჰქონია. ბრალდებული და მისი უფლებადამცველები საქმის "შეკერვას" და დანაშაულის შარაშენიძისთვის დაბრალებას, მსჯავრდებულის ბიზნესსაქმინობას უკავშირებენ.

თეიმურაზ ბაჩო შარაშენიძე

შარაშენიძემ 2001 წელს გამოიგონა საქართველოში ე.წ ლიფტების 5-10 თეთრიანი ყუთი, ლიცენზიაც აიღო და საკუთარი ფირმა "კომპიუტერ ლენდი" შექმნა. ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანი იყო და მას მალევე გამოუჩნდნენ კონკურენტები.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, საქმის მასალები ცალსახად ადასტურებს, რომ შარაშენიძის ბიზნესის ხელში ჩაგდებას იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ. გარდა ამისა, შეკვეთილი მკვლელობის მთავარმა მოწმემ როლანდ დიღმელაშვილმა (იგი ერთადერთი იყო, რომელიც მკვლელობაში ბაჩო შარაშენიძის მონაწილეობის შესახებ აძლევდა ჩვენებას) ჩვენება შარშენიძის სასიკეთოდ შეცვალა და მოინანია, რომ თავის დროზე არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს.

მთავარი მტკიცებულება კი, რომელიც ბაჩო შარაშენიძის უდანაშაულობას ადასტურებს, კომისიური ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი - ხელახალმა ექსპერტიზამ უტყუარად დაადგინა, რომ "მაკაროვის" იარღიდან "ბრაუნინგის" ტყვიების სროლა, თანაც ზედიზედ, შეუძლებელია. ადვოკატის განმარტებით, ამ დასკვნამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქმეში მანამდე არსებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მკვლელობა "მაკაროვიდან" "ბრაუნინგის" ტყვიების გასროლით განხორციელდა, ფალსიფიცირებული იყო.

დისკრიმინაციულია თუ არა "ამნისტიის შესახებ კანონი"?

საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათები შეეხო 2012 წლის 2 ოქტომბრამდე დანაშაულის ჩამდენ ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს, მათ შორის, ვინც მსჯავრდებული იყო სსკ-ის 109-ე; 260-ე და 262-ე მუხლების მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდათ ვადიანი სასჯელი. მათ სასჯელი შეუმცირდათ 1/4-ით.

ხოლო პირებს, რომელთაც ჩადენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის იგივე სახის დანაშაულები, მაგრამ შეფარდებული ჰქონდათ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი 1/4-ით რეალურად არ შეუმცირდათ. უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომით სახეზეა დისკრიმინაცია სამართლებრივი მდგომარეობის ნიშნით. ვინაიდან მისი თქმით, უვადო პატიმრები არ აღმოჩნდნენ კანონისა და სასამართლოს წინაშე თანასწორუფლებიანები იგივე სახის დანაშაულებისთვის ვადიან სასჯელზე მყოფ პირებთან.

ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე. მისი განმარტებით, დიფერენციაცია, რომელიც დაშვებული იქნა უვადოდ მსჯავრდებულთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ, არის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი:

”ეს განაპირობა ამინისტიის კანონის ბუნდოვანობამ, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილების შემთხვევაში აღსრულების წესის კონკრეტული რეგულაციის არარსებობამ. აღნიშნულ საკანონმდებლო ხარვეზთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს სახალხო დამცველმა 2013/2014 წლის ანგარიშებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ" - უთხრა AMBEBI.GE-ს ოთარ გამყრელიძემ.

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის შესახებ კანონი, როგორც მის ჩანაწერშია განმარტებული, ”1/4-ით შეუმცირდეს ყველას”, ყველა მსჯავრდებულს შეეხებოდა, ბაჩო შარაშენიძე (სასჯელს 12 წელია იხდის) და ზურაბ ბრეგვაძე (სასჯელს 20 წელია იხდის) დღეს თავისუფლები იქნებოდნენ.

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა