ავტორი:

"უცხოური სიმღერის შესწავლა აღარ უნდათ, ბევრმა დაიწყო ქართულად მღერა" - გიორგი უშიკიშვილი ფანოღსა და ახალ ტენდენციებზე

"უცხოური სიმღერის შესწავლა აღარ უნდათ, ბევრმა დაიწყო ქართულად მღერა" - გიორგი უშიკიშვილი ფანოღსა და ახალ ტენდენციებზე

"მხოლოდ ქართულის" შესარჩევი ტურები ეთერში გასულ ორშაბათს დაიწყო, სადაც მაყურებელს საშუალება აქვს, თვალყური ადევნოს ადამიანებს, რომლებმაც კონკურსანტობა გადაწყვიტეს. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ამჯერად წინა სეზონზე ძლიერი მონაწილეები იქნებიან წარმოდგენილი, რადგანაც ადამიანები კასტინგებზე უფრო მომზადებულები და მობილიზებულები მოვიდნენ.

გიორგი უშიკიშვილი, ჟიურის წევრი:

- საკმოად ძლიერი ნაკადია, ეს იმის ბრალია, რომ კონკურსანტებს უფრო მეტი დრო ჰქონდათ იმისთვის, უკეთესად მომზადებულიყვნენ და ჩვენც მეტჯერ მოგვესმინა მათთვის. კი, წესები შეიცვალა, მეტად უნდა ამოგვეწურა თითოეული კონკურსანტი. შესაბამისად, შედეგიც სხვანაირი მივიღეთ. შეიძლება ითქვას, უკეთესიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მეორე სეზონი, გაცილებით მასშტაბური და საინტერესო უნდა იყოს.

- გარდა იმისა, რომ სრულიად ახალმა შოუმ რეიტინგი მოხსნა, რადგანაც უპრეცედენტო რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა, - წინა სეზონმა კიდევ რა გაჩვენათ?

- პირველმა სეზონმა აჩვენა, რომ ქართული სიმღერის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულად წავიწიეთ წინ. ბევრმა ადამიანმა დაიწყო ქართულად მღერა. არაერთ სასიმღერო სივრცეში გაჩნდა ქართული ჰანგები. გაუჩნდათ სურვილი, რომ თავის რეპერტუარში შეიტანონ ქართული ნამუშევრები. საბავშვო სტუდიების ხელმძღვანელები გვეუბნებიან, რომ უმეტესობას, ვინც სტუდიებში დადიან, უცხოური სიმღერის შესწავლა აღარ უნდათ. დაინტერესებულები არიან ქართული მუსიკით და აქტიურად ითხოვენ. ვფიქრობ, "მხოლოდ ქართულმა" ქართული სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგი უშიკიშვილის თქმით, პროექტში ფაქტობრივად, კლასიკოსი კომპოზიტორების ნამუშევრები ჟღერს, რასაც სხვადასხვა ტური ეთმობა, ისმის - რევაზ ლაღიძე, გია ყანჩელი, გიორგი ცაბაძე, ინოლა გურგულია, ჯანსუღ კახიძე, ხალხური სიმღერები. ეს მთელი ეპოქაა და ყველაზე ღირებული, რაც შეიძლება იყოს...

- მგონი, ეს სიმღერები იმ მდარე ხარისხის მუსიკას ჩაანაცვლებს კიდეც, რაც ბოლო დროს მოგვეძალა, რომელიც სხვადასხვა ადგილას ისმის და რასაც ე.წ. ფანოღს უწოდებენ.

- ამ შოუმ სერიოზული წვლილი შეიტანა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში და დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტად დაიმკვიდრებს ადგილს. ასე რომ, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პირველი სეზონის რეიტინგიც სწორედ ადეკვატური იყო. ხალხს გენეტიკაში მყარად გვაქვს ქართული სიმღერის სიყვარული. რაღაც სხვანაირად აღვიქვამთ ქართულ ჰარმონიას, მელოდიას და ეს მეორე სეზონმაც აჩვენა. კონკურსანტებმა მრავალფეროვანი რეპერტუარი წარმოადგინეს. წინა სეზონზე თითქმის სულ ერთსა და იმავე სიმღერას ასრულებდა ყველა, თითქოს ამოჩემებული ჰქონდათ, მაგრამ გასაგებია, პირველ შემთხვევაში არ იცოდნენ, რასთან ჰქოდათ საქმე, ეთერში არ იყო გასული შოუ, ახლა უკვე სხვანაირად ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი. რეპერტუარის არჩევას ბევრად პასუხისმგებლობით მიუდგნენ. ფანოღზე მკითხეთ და ამ საკითხს დავუბრუნდები - ყველა მიმართულებას თავისი მსმენელი ჰყავს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომავალ თაობებს შევაყვაროთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებულია და მნიშვნელოვანია. პროექტი ვიღაცას რაღაცაზე დააფიქრებს, ვიღაცას რაღაცას შეაცვლევინებს, - ეს ბუნებრივი პროცესი იქნება. ასე რომ, ამჯერად მეტ შედეგებს ველოდებით და ვიმეორებ, გვინდა, რაც შეიძლება მეტ თაობას შევაყვაროთ ქართული სიმღერა.

მოკლედ, კონკურსანტებისგან, რომელთა შორის ბიჭები ჭარბობენ, ძალიან კარგ ნამღერ სხვადასხვა ქართულ სიმღერას ველოდებით, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი ჯერ არ გვყავს.

- რამდენად კომფორტულია ამ პროექტისთვის ფილარმონიის დარბაზი?

- უფრო მასშტაბური იქნება, ბევრ ადამიანს ექნება დასწრების საშუალება, რაც წინა სეზონზე არ ჰქონდათ, ულამაზესი რუსთაველის თეატრი ამის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს