დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე და დესტაბილიცაზიის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე იმოქმედეს მოქალაქეების უსაფრთხოების შესაბამისად.
"პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა მოქალაქეებისა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მოანაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, პირველ რიგში აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.