ავტორი:

"მტრედებს ვხოცავდით და ვჭამდითო..." - ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მძიმე ხვედრი აფხაზეთში

"მტრედებს ვხოცავდით და ვჭამდითო..." - ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მძიმე ხვედრი აფხაზეთში

რამდენიმე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში უპატრონო ბავშვებისა და მარტოხელა, უბინაოდ დარჩენილი დედებისთვის სპეციალური სახლის აშენებას ითხოვენ. პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი რამდენიმე დღის წინ ე.წ. დეპუტატმა თემურ კუპალბამ დაიწყო, რომლის თქმითაც სოხუმის ქუჩაში მცხოვრები მოზარდების რაოდენობა უკვე თვალშისაცემია.

"ეს აგრესიული ბავშვები საკვების მოსაპოვებლად მზად არიან ყველაფრისთვის: ქურდობისთვის, თანატოლებთან ჩხუბისთვის, ყაჩაღობისთვის... საფრთხეს უქმნიან ტურისტებს, ქვეყნის სტუმრებს, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

"თუ არ მივხედავთ თაობას, ქუჩაში, უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებს, მომავალი არ გვაქვს და გამოდის, რომ არც ვიმსახურებთ..." - ასე ეხმაურება აფხაზეთში არსებულ სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებრივი აქტივისტი დავით დასანია.

კუპალბას ცნობით, სოხუმის ქუჩებში ბოლო მონაცემებით 200-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 25-მდე უპატრონოა.

"უმეტესად, ეს ის შემთხვევებია, როდესაც მშობლები მათ სახლში არ უშვებენ და ბაშვებიც იძულებული არიან ღამე სახლის სარდაფებსა და მიტოვებულ ადგილებში გაათენონ. ისინი ასეთ ადგილებში კოლექტიურად იკრიბებიან, დღის განმავლობაში მოპოვებული ფულით კი წებოს სუნთქავენ, ან სხვადასხვა სახის ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებენ...

ამასთან, ჩვენი ქვეყნის მძიმე რეალობიდან გამომდინარე, ასევე არის უამრავი ოჯახი, სადაც ბავშვის დატოვება დანაშაულია, რადგან მათი მშობლები სვამენ და ჩხუბობენ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვები კი სკოლაში არ დადიან, ან უბრალოდ გადიან სახლიდან, ვითომ სკოლაში მიდიან და მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ... იპარავენ წვრილმანს, ხშირად ფულსაც საკვებისთვის, სიგარეტისთვის და ფსიქოტროპული ნარკოტიკისთვის", - ამბობს ე.წ. დეპუტატი.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ინსპექცია მოზარდებს აკავებს, ერთი ღამით სოხუმის იზოლატორში გადაყავთ და მეორე დღეს უშვებენ. პატარა დამნაშავეები მეორე დღეს იგივეს აკეთებენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილს ესმის, რომ ბავშვებს აგრესიით კი არა, მზრუნველობით უნდა მოექცნენ:

"ქუჩის პატარა ტურებს" ეძახიან და დევნიან... ე.წ. ხელმძღვანელობას კი, ბავშვთა სახლის ასაშენებელი სახსრები კი არა, შშმ ბავშვებისთვის ელემენტარული დახმარება არ შეუძლია. ასეთი ბავშვები, თუ ძალიან აქტიური მშობელი არ ჰყავს, რომელიც დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ან საქართველოში გადმოიყვანს, სულ რამდენიმე წელიწადს ცოცხლობენ.

ყველას უნახავს და ყველა იცნობს 12 წლამდე ბიჭს, რომელიც რამდენიმე წელია სოხუმის ადმინისტრაციასთან ზის და მოწყალებას ითხოვს. სამედიცინო განათლება არ სჭირდება იმის გარკვევას, რომ მას პრობლემები აქვს... ეს მისი არაჯანსაღი სახის ფერიდანაც ჩანს, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნები აუვლიან-ჩაუვლიან და ჯიპებში ან კაბინეტებში შეიკეტებიან. კითხვაზე - თუ იციან ბავშვს რა სჭირს, მაშინვე გიპასუხებენ, რომ აღრიცხვაზე ჰყავს აყვანილი შესაბამისი სამსახურებს. თავად კუპალბა კი ამბობს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, მშობლებიც ცოცხალი ჰყავს, უბრალოდ, ასეთი ცხოვრება აირჩია. ანუ ჩვენი “დემოკრატი ხელისუფლება” ბავშვს არჩევანის უფლებას აძლევს," - წერს ადგილობრივი მედია.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ანა გვილია წერს, რომ ის იცნობს და-ძმას, რომელიც წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდნენ. ბიჭი იპარავდა და ასე ყიდულობდნენ საჭმელს.

"ერთი ძაღლი ჰყავდათ, ქუჩის ძაღლი, გაწვრთნილი... ეს ძაღლი გოგონას ნიშანზე მაღაზიის, ჯიხურის ან უბრალოდ გარემოვაჭრის დახლს ეცემოდა, ამ დროს კი ბიჭი იქაურობას “მოასუფთავებდა”... რამდენჯერმე სახლში შევიყვანე და დავაპურე. სად გძინავთ-მეთქი, ხან სად ხან სადო - ვაგონში, სარდაფში, დაკეტილი სახლის აივანზე, ეზოში... ზოგჯერ მტრედებს ვხოცავთ და ვიკვებებითო. მშობლების სახლში მისვლა არ უნდათ, რადგან მამა სულ სვამს, ჩხუბობს და დედას სცემს. მათაც სცემდა.

ერთხელ გოგონამ მითხრა, ის უფრო თამამი იყო, - საჭმელი არ გვინდა, ცოტა ფული მოგვეციო... შემეშინდა. მათი ასაკის შვილიშვილები მყავს და რამე რომ დაუშავონ, მართლა არ ვიცი, რა ვქნა... ჩვენთან ფსიქოლოგები ფუფუნებაა და მილიციას რომ მივმართე, სტანდარტული პასუხი გამცეს - აღრიცხვაზე გვყავსო," - წერს ანა გვილია.

უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც მოზარდი გოგონები შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობების შემდეგ აჩენენ შვილებს, რომელთაც შემდეგ ან სამშობიარო სახლში ტოვებენ, ან ყიდიან. არასრულწლოვანი, მარტოხელა დედების პრობლემა კიდევ ერთი მოუგვარებელი საკითხია აფხაზეთში. მათი აღრიცხვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა, ფაქტია, რომ სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა.

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა