კალიფორნიაში, კლუბში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შედეგად კი სულ მცირე 12 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის - პოლიციის ოფიცერი.
BBC-ს ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 23:20 საათზე დაიწყო ბარში Borderline Bar and Grill.
დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი.
თავდასხმისას ბარში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, შეიარაღებული მამაკაცი ჯერ კიდევ ისროდა.
გარდაცვლილი პოლიციელი 29 წლის რონ ჰელასია, მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა. პოლიციელს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ნახეთ ვიდეო : კალიფორნიაში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
ბარში მყოფებმა ფანჯრები გატეხეს, რომ გაქცეულიყვნენ, ნაწილმა კი თავი ტუალეტებს შეაფარა.
ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც სროლის დროს დაიჭრა, ადგილობრივ ტელეკომპანიასთან KTLA ამბობს, რომ სროლა ძალიან ჰგავდა ფოიერვერკის ხმას.
„ვცეკვავდი და გავიგე სროლის ხმა, მოვიხედე უკან და უცებ ყველამ ერთად დაიყვირა : „დაწექით იატაკზე“! - ყვება მედიასთან კიდევ ერთი მოწმე ტეილორ უიტლერი.