გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი, - ასე მიმართა კობა დავითაშვილმა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს.
საქალაქო სასამართლო განიხილავს პაატა ბურჭულაძის სარჩელს, რომელიც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას. კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს. კობა დავითაშვილის თქმით, ის მიმდინარე პროცესზე დაადასტურებს პაატა ბურჭულაძის დანაშაულებრივ ქმედებებს.
„2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის კაი კაცობის შესახებ თუ როგორ იყენებს ის საქველმოქმედო ფონდს იმისათვის, რომ აკეთოს ფული. სხვათა შორის, ის დღეს აგრძელებს მრავალშვილიან ოჯახებზე ფულის კეთებას და ახლა გავიგე, რომ მისთვის 25 ათასი ლარი სიმბოლური თანხა ყოფილა. ჩემს ოჯახზეც აპირებს იმავეს გაკეთებას, რაც სხვებზე გააკეთა. მე მინდა ვუპასუხო „ნაციონალების“ ბანს - პაატა ბურჭულაძე, სად იყავი 2 წლის წინ, როდესაც მამხილებელი ფილმების ეს სერია გაკეთდა შენზე. იქნებ იმიტომ რომ სიმართლე იყო იქ ნათქვამი ყველაფერი. მე გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი. ჩვენი კოჰაბიტაციისგან „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ყოფნის არც უნარი და არც სურვილი ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე , „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ ფონდ „იავნანას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა. მისი თქმით, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. „ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა.