დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში მეგაპროექტი "მხოლოდ ქართული 2" იწყება. პროექტი, რომელიც მაყურებელმა ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. შოუს პროდიუსერების გადაწყვეტილებამ, პროექტი ქართული სიმღერისთვის მიეძღვნათ, გაამართლა. "მხოლოდ ქართულმა" ტელესივრცეში ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ნიკა ლომიძისთვის მეგაპროექტის რეჟისორობა პირველი იყო და როგორც ამბობს, დიდი გამოცდილება შესძინა.
"ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, მთავარია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქართულ სიმღერებს აქამდე არ მღეროდნენ, ახლა სულ ღიღინებენ, ისმენენ და ქართულად მღერიან. ამას ისინი მანამდე მართლა არ აკეთებდნენ. პროექტის მიმართ მაყურებლისა და გულშემატკივრების ასეთმა დამოკიდებულებამ "მხოლოდ ქართული 2" დაბადა, რომელიც ეთერში დღეს გავა. ეს რომ სტანდარტული შოუ ყოფილიყო და ასეთი შედეგი არ დაედო, მეორე სეზონს ასე უცებ არ მივაყოლებდით. ამხელა ინტერესის გამოა, რომ "მხოლოდ ქართული 2"-ის შესარჩევი ტურები ერთ თვეში დავიწყეთ. მთელი საქართველო მოვიარეთ და ნიჭიერი ადამიანები აღმოვაჩინეთ. რაც შემეხება მე, ამ შოუზე მუშაობა საინტერესო ხალხთან მუშაობას ნიშნავდა და ასევე, დიდ გამოცდილებას. გარდა ამისა, ვისწავლე ქართული სიმღერის შეფასება, მოსმენის უნარი გამომიმუშავდა და ისეთი მუსიკალური ფრაზების სწორად აღქმა, შეცდომების აღმოჩენა, რომ ამას სხვა დროს ვერც წარმოვიდგენდი. ისე გავერკვიე მუსიკაში, შემიძლია ადამიანს მოვუსმინო და შენიშვნები და შეფასებებიც მივცე", - ამბობს ნიკა.
რაც შეეხება სიახლეებს, თუ რა ელოდება პროექტის ერთგულ მაყურებელს, ლომიძე ამბობს, რომ პროექტმა ფილარმონიის დარბაზში გადაინაცვლა. "რუსთაველის თეატრის" ულამაზესი სცენა ფილარმონიაზე გავცვალეთ. ეს იმის გამო, რომ კონცერტებზე დასწრების სურვილი ბევრს ჰქონდა და რუსთაველის თეატრში ყველა ვერ ხვდებოდა.
- ჟიურის შემადგენლობა უცვლელია?
- ჟიურის რაც შეეხება, ალბათ სიურპრიზები და სიახლეები იქნება. 3 უცვლელი წევრი კი იცით - მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი. არის კიდევ ცვლილებები, ხოლო თუ რა, ეს სიურპრიზად შემოვინახეთ.
- თვითონ კონკურსის შერჩევის წესებში რა სიახლეა?
- პატარა ცვლილებაა ათეულის წესების შერჩევაში. აქამდე ჟიური უსმენდა ყველა კონკურსანტს და მერე იწყებდნენ განხილვას, არჩევას, შეთანხმებას, თუ ათეულში ვინ გადაეყვანათ. ახლა გავურთულეთ საქმე - დაემატათ ჯადოსნური ღილაკი, ანუ ოქროს ღილაკი. ჟიურის წევრს მოსმენის პროცესში შეუძლია, გადაიყვანოს, ან დაემშვიდობოს კონკურსანტს. ისეთი მაცდურია "ოქროს ღილაკი", აუცილებლად გამოიყენებენ. ეს უფლება ჟიურის სამ წევრს აქვს. ასევე, სერიებში არის სიახლეები, აქამდე 3 შესარჩევი ტური იყო, ახლა ეს 4 სერიად გავა, რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავს. ბევრგან ვიყავით, თუმცა გადაღებები დიდ ქალაქებში იყო. კონკურსი გადავა შემდეგ წელს. ვიწყებთ დღეს და ახალი წლის მერე გამოვლინდება "მხოლოდ ქართულის 2"-ის გამარჯვებული.
- როგორია კასტინგის შედეგები. რა მონაცემები გამოავლინეს კონკურსანტებმა?
- პირველი სეზონი ალბათ უფრო ქაოტური იყო, კონკურსანტებმა არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ, რა ელოდათ, რამხელა პასუხისმგებლობაა ქართული სიმღერა, ბევრი ამას მართლა ვერ აცნობიერებდა. რასაც ვერ ვიტყვი ამ სეზონზე. გაცილებით პასუხისმგებლობით, მეტად ნაფიქრი ახალგაზრდები მოვიდნენ. ამიტომ მაყურებელი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. გაუჭირდებათ ფავორიტის ამორჩევა.
- გოგონები ჭარბობენ, თუ ბიჭები აქტიურობენ?
- ბიჭები ჭარბობენ და პირველი იქნება აჭრა-გურიის ტური. წამყვანები ისევ ის სუპერ გოგონები და ბიჭები გვყავს, რომლებმაც გადასარევად გაართვეს წინა სეზონზე თავი ამ საქმეს. ასე რომ, მაყურებელს ძალიან საინტერესო შოუ ელოდება.