ავტორი:

"კატერინას სიცოცხლე პრორუს მაფიოზებს შეეწირა" - რა საქმეებზე მუშაობდა უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც მჟავა შეასხეს

"კატერინას სიცოცხლე პრორუს მაფიოზებს შეეწირა" - რა საქმეებზე მუშაობდა უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც მჟავა შეასხეს

უკრაინაში გუშინ 33 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი, ეკატერინა ჰანძიუკი გარდაიცვალა. მას 31 ივლისს, კონცენტრირებული გოგირდის მჟავა შეასხეს, რა დროსაც მან 40%-იანი დამწვრობა მიიღო. უკრაინის ხელისუფლებამ ფაქტი პოლიტიკურ თავდასხმად შეაფასა.

ძიების ფარგლებში საქმე რამდენჯერმე გადააკვალიფიცირეს. საბოლოოდ კი, შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის სტატუსი მისცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხერსონის საქალაქო საბჭოს თანამშრომელი და აქტივისტი ეკატერინა ჰანძიუკი კორუფციაში ადანაშაულებდა ოლქის პოლიციის მაღალჩინოსნებს.

ის ბოლო დროს მეგობრებს უყვებოდა, რომ საფრთხეს ელოდა, თუმცა, მათივე თქმით, მაინცდამაინც არ ფრთხილობდა. მას 31 ივლისს, დაახლოებით 8:30 საათზე სახლთან ახლოს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სახეში სითხე შეასხა.

"უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც შემასხეს, რაღაც თბილი სითხე და ტანსაცმელმა დნობა დაიწყო. სახლი იქვე რამდენიმე მეტრში იყო, მაგრამ იქამდე მისვლა ვერ შევძელი. შემდეგ ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი, ვიღაცები შეეცადნენ ეს სითხე წყლით ჩამოეცილებინათ. თუმცა, კანს ტანსაცმელი და თმაც მოჰყვებოდა. ამბობენ, რომ შემსრულებელს 500 დოლარი გადაუხადეს, მე კი შემეძლო ბევრად მეტი გადამეხადა, ოღონდ არ შემხებოდა. მე არ მეშინია, ეს ჩემი სამსახურის ნაწილია", - ამბობდა ჰანძიუკი პირველ დღეებში მეგობრებთან საუბარში.

თავდაპირველად თქვეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. მას სხეულის 35% დამწვარი ჰქონდა. განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები მიიღო კისერსა და ზურგზე. ასევე დაზიანებული ჰქონდა მარცხენა თვალი. შემდეგ კი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გაუსაძლისი ტკივილით კომაში ჩავარდა.

ჰანძიუკის მეგობრები წერენ, რომ "შეუპოვარი ეკატერინა პრორუსულ მაფიოზებთან ბრძოლას გადაყვა". ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ხერსანსა და სხვა ოლქებსა თუ ქალაქებში კორუმპირებულ სისტემას და საკმაოდ მძიმე გზა გაიარა...

ეკატერინა ჰანძიუკი 1985 წელს ქალაქ ხერსონში დაიბადა. 2006 წელს ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. 2008 წელს კიევის სახელმწიფო ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლის კვალდაკვალ, ის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობებში. 2003 წელს იყო პარტია Батькивщина-ს აქტივისტი და მის ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა.

2004 წელს აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის "ნარინჯისფერ რევოლუციაში". 2006 წელს ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების დეპუტატად აირჩიეს. 2012 წელს გახდა სააგენტო "ხიდის" სამოქალაქო ჟურნალისტი. ინტერნეტ-გვერდი აქტიურად აშუქებდა რეგიონის პრობლემებს, ფოკუსირებული იყო სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგზე და მათ მიერ მოპოვებულ სკანდალურ ინფორმაციებს რეგულარად ავრცელებდა.

აქტიურად მონაწილეობდა "ევრომაიდანის" პროცესებში. ეწინააღმდეგებოდა ხერსონში "რუსული ზაფხულის" დაწყებას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი მიიერთა და დონბასში ომი დაიწყო, ის დევნილებისთვის სოციალური პრობლემების მოგვარებას ცდილობდა. კონკრეტულად, გაეროს უმაღლეს კომისარს ხერსონში დევნილებისთვის მოხალისეთა ორგანიზებაში ეხმარებოდა, რათა დევნილი ბავშვებისთვის ფეხსაცმლის პრობლემა მაინც მოეგვარებინათ.

2014 წელს პოლიტიკურ პარტია Родина-შიც გაწევრიანდა, თუმცა, ძალიან ცოტა ხნით; 2016 წელს მოხალისეთა გუნდს Itchy Trigger Finger Ukrainians-ს წარმოადგენდა, რომელიც ყირიმის მაცხოვრებლებისთვის ანტირუსულ რეკლამებს ავრცელებდნენ. ზოგადად, ის ცნობილი იყო, როგორც რეგიონში პრორუსულ ძალებთან და კორუფციულ სისტემასთან მებრძოლი.

2017 წელს მას პრორუსულ ძალებთან სამართლებრივი დავაც ჰქონდა. ბოლო დროს ის ძალზე მწვავედ აკრიტიკებდა ხერსონის ადგილობრივ პოლიციას. მას ასევე კონფლიქტი ჰქონდა ზაპოროჟიის ოლქის პოლიციის ეკონომიკური მიმართულების უფროსთან, არტემ ანტოშუკთან და მას კორუფციაში ადანაშაულებდა. ეკატერინა ჰანძიუკის მიერ ატეხილი მედია-სკანდალის შედეგად, ანტოშიუკმა თანამდებობა დაკარგა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, ის წუხს ჰანძიუკის გარდაცვალების გამო და სამართალდამცველ სტრუქტურებს მოუწოდებს, გამოიძიონ და დასაჯონ აქტივისტის მკვლელობის ორგანიზატორები და მონაწილეები. ცნობილია, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე