ავტორი:

დამწვარი გვამების საქმე - როგორ იძიეს შური ქარ­თ­ველ­მა მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა მოღალატეებზე, რომლებმაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ში უდიდესი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს

დამწვარი გვამების საქმე - როგორ იძიეს შური ქარ­თ­ველ­მა მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა მოღალატეებზე, რომლებმაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ში უდიდესი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს

"...ომი გათავდა, უნდა მოისპოს მისი შედეგებიც: ქართველი მეომრები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს, რომელსაც ისინი სისხლით იცავდნენ. სტეფანე კი შეიქნა მსხვერპლი. - ორი თვეა ვხედავთ რუსთაველის პროსპექტზე გამოკიდებულ ორი ბოლშევიკის გვამის სურათს ცეცხლისგან დამახინჯებულს. ყოველ იქ გავლის დროს კრულვას ვუგზავნით მას, ვინც ეს ბარბაროსობა მოიმოქმედა. მაგრამ რა არის სტეფანეს სიცოცხლის ხელყოფა შორს, უცხოეთში, საშინელ პირობებში. განა უბედურება არ არის ქართველი მხედრობისა და პოლიტიკური მოღვაწეების ომის შემდეგ რიაზანში შიმშილობა, დამცირება და ამგვარად ნელი სიკვდილი! ჩვენ არ გამოვფენთ მათ სურათებს რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ სურათებს სამშობლოს და მშრომელი ხალხისთვის თავდადებულებისას ვატარებთ გულსა და მეხსიერებაში და გადავცემთ შთამომავლობას მათ ვინაობას და ანდერძს, რომელიც მშრომელი ხალხისა და სამშობლოს პირნათლად სამსახურისთვის განგვაწყობს"... - ეს ნეკროლოგი 1921 წლის ზაფხულში დაიბეჭდა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების გაზეთ "ახალ სხივში", რომელიც უკვე მაშინ რამდენიმე სხვა გამოცემასთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის გამკაცრების გამო, არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ნეკროლოგი ქალაქ რიაზანში ცნობილი ქართველი გენერლის, სტეფანე ახმეტელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეძღვნებოდა, რომელიც 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დუშეთში დაატყვევეს და სხვა ოფიცრებთან ერთად საბჭოთა რუსეთში ეტაპით გაგზავნეს.

ტექსტში პუბლიცისტური ოსტატობით გაკენწლილი - "ორი ბოლშევიკის გვამის სურათს" მიღმა მოქცეული ამბავი მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა საბჭოთა პროპაგანდის საყვარელ თემად. თუმცა მისი რეალური ვერსია დღეს ერთი საინტერესო ფურცელია საბჭოთა რუსეთის დაზვერვისა და დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების დაპირისპირების მივიწყებული ეპიზოდების ციკლში.

მტრის სამსახურში

1921 წლის 2 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის ოფიცერი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ივანოვი შინ შსს განსაკუთრებული რაზმის (საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამსახური) თანამშრომლების თანხლებით მივიდა და განცვიფრებულ მეუღლესა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ დაპატიმრებულია და რაზმის თანამშრომლებმა მათი სახლი უნდა გაჩხრიკონ. ჩხრეკის, განსაკუთრებული რაზმის შტაბ-ბინაში (დღევანდელი ინგოროყვას ქუჩა #1) დაკითხვებისა და ძიების დამთავრების შემდეგ, იგი მეტეხის საპატიმროში გადაიყვანეს. ივანოვსა და მასთან ერთად დაპატიმრებულ პოდპოლკოვნიკ გოხს (სახელი უცნობია) ბრალად უმძიმესი დანაშაული - სახელმწიფოს ღალატი და საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ.

ნიკოლოზ ვასილის ძე ივანოვი 1884 წელს დაიბადა თბილისში სახალხო მასწავლებლის ოჯახში. თბილისის მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში, ალექსეევის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც 1906-1916 წლებში მსახურობდა ქალაქ ალექსანდროპოლში (დღევანდელი გიუმრი), 153-ე პოლკში. 1917 წელს სასწავლებლად გაგზავნეს პეტროგრადის ნიკოლაევის სამხედრო აკადემიაში მოკლევადიან კურსებზე. შემდეგ მსახურობდა ჯერ კავკასიის მთავარ შტაბში და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბში, ასევე ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში.

რუსული სპეცსამსახურების არქივები მკვლევრებისთვის დღემდე მიუწვდომელია და ამიტომ ძნელი სათქმელია, როდიდან ჩადგა პოლკოვნიკი ივანოვი საბჭოთა რუსეთის დაზვერვის სამსახურში. მისი დაპატიმრების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი ემიგრანტი, სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის კონტრდაზვერვის ოფიცერი, კაპიტანი რომან მკურნალი. გერმანიაში 1934 წელს გაზეთ "კლდეში" დაბეჭდილ მოგონებებში - "მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა", სადაც ერთ-ერთ ქვეთავში "საბჭოთა ჯაშუშობა საქართველოში" იგი ასე იხსენებს აღნიშნულ ეპიზოდს: "პოლკოვნიკი ივანოვი იყო ჩვენს სახელმწიფო სამსახურში სტატისტიკურ განყოფილებაში. პოდპოლკოვნკ გოხს სამსახური არ ჰქონდა და ცხოვრობდა ტფილისის სადგურის ახლოს რკინიგზის რაიონში სახელმწიფო შენობაში, მისი მამა მსახურობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. ივანოვი და გოხი მუშაობდნენ საბჭოთა მისიის სამხედრო ატაშე ღენერალ სიტინისთვის, რომელსაც აწვდიდნენ ცნობებს ჩვენი შეიარაღებული ძალების, მარაგისა და სამხედრო საწყობების, ჯარების დისლოკაციის, ჯარების უფროსების შესახებ და სხვა.

პოდპოლკოვნიკი გოხი ხშირად დადიოდა ტფილისის სადგურზედ, თვალყურს ადევნებდა ჩვენი ეშელონების მოძრაობას, ჰგზავნიდა ერთგულ ხალხს ბორჩალოს მაზრაში, რათა გამოერკვია ჩვენი სამხედრო ძალები და მათ მიერ დაჭერილი პოზიციები, ასევე მონაწილეობდა ასი ერთგული კაცის მოკრებაში, რომელთაც საქართველოსთან ომის დროს უნდა აეფეთქებინათ სამხედრო საწყობები, რკინიგზის ხიდები, ტრანსპორტი და სხვა. დიდი ხნის დაზვერვის შემდეგ ორივე დაატუსაღეს. პოლკოვნიკი ივანოვი მისი დატუსაღების დროს სტატისტიკურ განყოფილებაში ადგენდა ქართული ჯარის უფროსების დახასიათებებს და დაეხასიათებინა რა ღენ. ოდიშელიძე და გედევანიშვილი, ამთავრებდა ღენ. კვინიტაძის დახასიათებას. საგანგებო სამხედრო სასამართლოს წინაშე ორივენი გამოტყდნენ ჯაშუშობაში".

რომან მკურნალის მოგონებები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ივანოვისა და გოხის გამოვლენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთმა ფაქტმა, რომელიც 1920 წლის ნოემბერში მოხდა. 1920 წლის 6 ნოემბერს სადგურ სალოღლიში, საბაჟოზე განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებმა ჩხრეკისას იპოვეს ორძირიანი ჩემოდანი, რომლის გახსნის შედეგადაც ცარიელ სივრცეში აღმოაჩინეს ქართულ გაზეთები, ბაქოელი კომუნისტებისადმი მიწერილი წერილები და სამხედრო სამინისტროს გამოცემული საიდუმლო ბრძანებები. რაზმმა დააპატიმრა ჩემოდნის პატრონი მგზავრი ქალი, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჭრებალოს მცხოვრები, 26 წლის, უქმარშვილო, წერა-კითხვის უცოდინარი - ლიზა ივანეს ასული არჩვაძე, რომელმაც დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ქუთაისიდან მიდიოდა ბაქოში მის საყვარელ სიმონ მაჩაბელთან, რომელიც იქ სტამბაში მსახურობდა, ხოლო როცა წასასვლელად ემზადებოდა, მასთან მივიდა ერთი უცნობი კაცი, გადასცა ეს ჩემოდანი და სთხოვა, მაჩაბლისთვის გადაეცა. არჩვაძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ იცოდა, ჩემოდანში რა იყო.

დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დეპეშათა სააგენტოს გაზეთებში გამოსაქვეყნებლად გადასცა მასალების ნაწილი, რომელიც არჩვაძის დაპატიმრებისას ამოიღეს. ჩემოდანში აღმოჩენილი რუსულ ენაზე ნაწერი სამი წერილიდან, პირველი მიმართული იყო "ამხანაგ პუნკუსადმი":"ჩემი მუშაობა გაჩაღებულია ყოველმხრივ: სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ბორჩალოში, ბათომში, არტაანში, ახალციხეში, ქუთაისში, აჭარაში, ზაქათალაში. ყველგან გაგზავნილია სერიოზული პირები, მე უკვე გაცნობე, რომ ცხენოსანი დივიზიონის ნაწილი (1000 კაცი) უკვე გაგზავნეს სანაინის მიმართულებით. ქვეითთა დივიზიონის შტაბში სამი სხდომა იყო: გამოაცხადეს, რომ ყოველწუთას მზად იყვნენ სანაინის, სალოღლის ან არტაანისკენ წასასვლელად, გვარდიელებს გამოუცხადეს, რომ 5-ისთვის მზად იყვნენ, პატარა ჯგუფებს აგზავნიან ადერბაიჯანის საზღვრებისკენ, მზად არის ერთი ტანკი, ასევე არტაანში გასამგზავრებლად "პროტოსი" ავტომობილი-რადიო (კომანდის შემადგენლობა ჯერ არ ვიცით).

ნავთი ცოტა აქვთ მომარაგებული. არის ხაშურში, სადგურ აგტაგლიაში და როგორც ამბობენ, სანაინში. "პაგონები" მე გამოვგზავნე აფიცრების და სხვა ქვეითი ჯარის 1-დან 12 ბათალიონამდე ან საღებავებით ხატავენ ციფრებს ან ლითონისას აკეთებენ. სადარაჯო ბათალიონის პაგონზე კი აღნიშნულია ასო "დ". საჭირო ვინტოვკა როგორც მე-12 ბათალიონისთვის, 12-15 კიდევ გამოვგზავნი დაწვრილებით... საიდუმლო იაშიკი დაიტოვეთ მანდ, როცა ამხანაგი მოვა ფულისთვის. პაროლი იქნება "ბაკაკი ცხალში კიკინებს" და ისარგებლებს ხსენებული იაშიკით, რომელიც ჩაიტევს საკმაო თანხას. ჩემი მუშაობა ღრმავდება ყოველი მხრით. დავშთები კომუნისტური სალმით X. თბილისი".

მეორე წერილში დაწვრილებით იყო აღწერილი ქართული ჯარისა და გვარდიის რიცხვი, მათი შემადგენლობა. ჩამოთვლილი იყო უფროსები, აღნუსხული - ქვემეხები, თოფები, ტყვიამფრქვევები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული ახალციხეს, ბათუმს, ქობულეთს, ფოთს, სოხუმს, გაგრას, თბილისს. აღწერილი იყო ამ ადგილების ადმინისტრაციაც, ჩამოთვლილი კომისრების, მილიციელების გვარები და სხვ. მესამე წერილი შეიცავდა თბილისში არსებულ ქალაქის სასურსათო, მომარაგების სამინისტროსა და კოოპერატივთა კავშირის მაღაზიების აღწერას. თითოეული მაღაზიის საქონელი ცალ-ცალკე, დაწვრილებით იყო აღწერილი.როგორც შემდგომ ძიებამ გამოარკვია, ლიზა არჩვაძე სინამდვილეში მთაწმინდელი ბოლშევიკის - ბერბერაშვილის ცოლი იყო, რომელმაც ეს ინფორმაციები მიიღო გენერალურ შტაბში მომუშავე ვინმე ბეჟანოვის ხელით და შემდეგ აგზავნიდა ბაქოში, რაშიც თავისი ცოლი ჩართო. ლიზა არჩვაძე გაასამართლეს და სამშობლოს ღალატისთვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ რადგან მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, სასჯელი 25-წლიანი კატორღით შეუცვალეს.ამ წერილების შინაარსი აშკარად ემთხვევა ივანოვისა და გოხის, მზვერავ-ანალიტიკოსების საქმიანობის პროფილს, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ აქედან დაიწყო მათთვის ე.წ. ნერვების ომი, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ივანოვს ეს ინფორმაცია პრესაში არ ენახა, ან არ გაეგო მის შესახებ და შესაბამისი რეაქციისა და განსაკუთრებული რაზმის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდოდ, გაიშიფრა კიდევაც, რასაც 1921 წლის 2 თებერვალს მისი დაპატიმრება მოჰყვა.

ღალატის ბრალდებით საბჭოთა რუსეთის თავდასხმა 1921 წლის 11 თებერვალს დაიწყო. 19 თებერვალს დილის 10 საათზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლოს შტაბში გაიმართა სამხედრო საგანგებო სასამართლოს სხდომა, რომელმაც ივანოვი და გოხი გაასამართლა. მათ დაუმტკიცდათ ბრალდებები და თავადაც აღიარეს დანაშაული. საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რაც განსასჯელებს აუცილებლად სიკვდილით დასჯას უქადდა, სასამართლომ მათ წინადადება მისცა, პატიება ეთხოვათ. პოლკოვნიკმა ივანოვმა ითხოვა პატიება და მას მიესაჯა 8 წლით კატორღა, ხოლო პოდპოლკოვნიკმა გოხმა ამაყად უარყო პატიების თხოვნა, რის გამოც სასჯელი ძალაში დარჩა და იგი თბილისშივე დახვრიტეს.

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობისა და ჯარის უკან დახევისა და მე-11 არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდგომ დღეებში, საქართველოს წითელი ჯვრისა და მოქალაქეთა აქტიურობის შედეგად, ფრონტებზე დაღუპული ჯარისკაცების, გვარდიელებისა და იუნკრების დაკრძალვა გაიმართა, რისთვისაც ახალდამყარებულ საოკუპაციო ხელისუფლებას ხელი არ შეუშლია, რათა ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში მყოფს, ხალხის უკმაყოფილება არ გამოეწვია.

თუმცა, არც საოკუპაციო ხელისუფლება იყო გულხელდაკრეფილი: 1921 წლის 4 მარტს მათ პროპაგანდისტული აქცია მოაწყვეს და ალექსანდრეს ბაღში ერთად დაკრძალეს ბრძოლაში დაღუპული წითელარმიელები და ქართველი ჯარისკაცების ნაწილი, ნიშნად "შერიგებისა" და ახალი ცხოვრების დაწყებისა. საძმო საფლავში დაკრძალულთა შორის იყო დახვრეტილი პოდპოლკოვნიკ გოხის კუბოც. დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდნენ მე-11 არმიის ხელმძღვანელები და ქართველი კომუნისტები, რომელთაც "ხალხის მოღალატე ქართველი მენშევიკები" დაადანაშაულეს "ომის გაჩაღებასა" და "უაზრო მსხვერპლთშეწირვაში". პოლკოვნიკი ივანოვი კი ამ დროს ქუთაისის საგუბერნიო ციხეში იჯდა, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად, მთავრობისა და ჯარის მიერ თბილისის დატოვებამდე იყო გადაგზავნილი.

1921 წლის 9 მარტს, ვიდრე საქართველოს მთავრობა და ჯარი ქუთაისიდან ბათუმისკენ დაიხევდა, მათ ბათუმის ციხეში გადაგზავნეს 900-ზე მეტი ბოლშევიკი პატიმარი, რომლებიც ქუთაისის ციხეში იხდიდნენ სასჯელს ან თბილისიდან უკან დახევის შემდეგ გადმოიყვანეს. 8 მარტს, ღამით, ქუთაისის საპყრობილეში მივიდნენ თბილისის მილიციის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე, ქუთაისის მილიციის უფროსი სილიბისტრო მაღნარაძე, ამბერკი ადეიშვილი და ასევე რამდენიმე შეიარაღებული მილიციელი - გოგი თოფურიძე, ვალიკო ფიჩხაია, ესტატე ფიჩხაია, ბონდო გაბილაია, გოგორიშვილი, ნიჟარაძე და სხვები. ქუთაისის მილიციის უფროსმა მაღნარაძემ ციხის უფროს დემურიას გადასცა ბრძანება, სადაც ეწერა:"თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებისა, ქუთაისის ციხის უფროსს ვთხოვთ გადმოაგზავნოს ციხის საავადმყოფოში დასაკითხად პავლე მარდალეიშვილი, ნიკოლოზ ივანოვი, დავით უკლება და კარპეზ ბარბაქაძე.

ფოტო: განსაკუთრებული რაზმის შტაბ-ბინა (დღევანდელი ინგოროყვას ქუჩა, #1)

ქუთაისის მილიციის უფროსი მაღნარაძე

08.03.1921

"დაახლოებით საღამოს 9 საათზე ციხის უფროსმა კანცელარიაში მიიყვანა ბორკილდადებული ივანოვი და მარდალეიშვილი, მაგრამ უკლება (რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ არის მოხსენიებული საქმეში და სავარაუდოდ, ბოლშევიკი არ იყო) ამ არეულობაში ვერ მოძებნეს, ამის გამო მაღნარაძე კარგა ხნით დაყოვნდა ციხის შენობაში. ბოლოს, ციხის ზედამხედველმა კუდინოვმა მაინც იპოვა დავით უკლება და მაღნარაძემ ისინი მილიციის შენობაში გადაიყვანა, ხოლო კარპეზ ბარბაქაძე მძიმე ავადმყოფობის გამო ციხის საავადმყოფოში იწვა და ამიტომაც დატოვეს. დაახლოებით ღამის 12 საათზე ისინი ფაეტონით საღორიის ტყისკენ წაიყვანეს. გაბილაიამ თან დიზელის საწვავით ("სალიარკით") სავსე ჭურჭელიც წაიღო. ტყეში, პატიმრები სულაქველიძის ბრძანებით დახვრიტეს, საწვავი გადაასხეს და გვამები ცეცხლს მისცეს...

იმ პირობებში, როცა საქართველოს მთავრობას დაპატიმრებული ჰყავდა ბევრი ბოლშევიკი ლიდერი, მათ შორის თბილისიდან ბათუმამდე ატარეს ისეთი ცნობილი ბოლშევიკები, როგორებიც იყვნენ სერგო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, თვით რუსეთის ელჩი აარონ შეინმანი, სამხედრო ატაშე პავლე სიტინი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ სადაზვერვო ოპერაციებს კავკასიაში და მათთვის ანგარიშის გასწორება არ უცდიათ (თუმცა სერგო ქავთარაძე თავის მოგონებებში წერს, - ბათუმის ციხეში ხშირად ვრცელდებოდა ხმები, ხვალ გაგიყვანენ გემით ზღვაში და ყველას დაგხვრეტენ, რის გამოც პატიმრებს შორის მუდმივი პანიკა იყოო), ჩნდება კითხვა - რატომ იძიეს ივანოვსა და მარდალეიშვილზე ასე სასტიკად შური ქართველმა მილიციელებმა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში არ იყო და ქვედა რგოლის ჩინოსნებმა თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ ის პირები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ოკუპაციაში, სათანადოდ უნდა დასჯილიყვნენ და სიცოცხლით ეგოთ პასუხი? ამ ვერსიის განსახილველად საჭიროა გავარკვიოთ, ვინ იყო მეორე დახვრეტილი პატიმარი - პავლე მარდალეიშვილი.

წაიკითხეთ სრულად

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

ღია და საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისას - 20 ლარით, განმეორებისას კი - 50 ლარით დაჯარიმდებით - პარლამენტი ხვალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია, აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"