უკვე რამდენიმე კვირაა, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი ეთერში გადის. გამოცდილი, მომხიბვლელი და წარმატებული მოცეკვავე - ჯულიანა ბარ-გნარი პარტნიორობას ამიკო ჩოხარაძეს უწევს. წყვილმა გაგვიმხილა, რომ რეპეტიციების დროს ნერვიულობენ, მაგრამ ცდილობენ, ეს ერთმანეთს არ აგრძნობინონ...
ჯულიანა:
- ვიცოდი და ვხედავდი, რომ ამიკო საქართველოს ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. გამიგია, რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ამ თვისებას ადამიანში ძალიან ვაფასებ. სხვათა შორის, გამიხარდა, როცა გავიგე, ამიკოს მეწყვილე ვიქნებოდი. ვიფიქრე,
რომ მუშაობის ძალიან საინტერესო პროცესი მელოდა. ჩემი მოლოდინი გამართლდა.
- დარწმუნდი, რომ მართლა კარგი იუმორის გრძნობა აქვს?
- კი. უბრალოდ, რეპეტიციის დროს იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ეს დიდად გამოვხატოთ, მაგრამ როცა ვისვენებთ, იუმორს კარგად ამჟღავნებს (იღიმის).
ამიკო:
- სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით, ჯულის იუმორს ვეძებ, ანუ ყველა ადამიანს იუმორის განსხვავებული გრძნობა აქვს, შესაბამისი მიდგომა სჭირდება. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილე ყველა ადამიანთან, იუმორის მხრივ, მიდგომის რაღაც ფორმას მივაგენი. ჩემს ხუმრობებზე ჯულისაც ეღიმება, მაგრამ ძალიან მკაცრია და ჯერჯერობით, მის იუმორს ვერ მივაგენი. თუმცა, სადღაც "ახლოს" ვარ - მესამე-მეოთხე "ლაივზე" "მოვტეხავ".
- ჯულიანა, ამიკო როგორი მოსწავლეა?
- ძალიან მიყვარს, როცა ადამიანის ნიჭს შრომისმოყვარეობაც ემატება, რადგან ალბათ, მხოლოდ ნიჭით ადამიანი ვერ განვითარდება. ამიტომ, ამიკოს ამ თვისებასაც ვაფასებ და მიხარია, რომ აბსოლუტურად ყველაფერში "მომყვება": არასოდეს მეუბნება, - ამას ვერ გავაკეთებო. ყოველთვის მაქსიმუმზე მეტის გაკეთებას ცდილობს. არ იცის, გამოუვა თუ არა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც ემოციებით სავსე, რთული ტექნიკური დეტალებით დატვირთული კარგი ნომრისთვის არის საჭირო.
- უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტისთვის დამახასიათებელ რთულ სამუშაო რეჟიმს ფეხი აუწყვე? თუ ჯერ ისევ ადაპტაციის პერიოდი გაქვს?
- იყო პერიოდი, როდესაც ცხოვრების სპორტული სტილი მქონდა. არ ვცეკვავდი, მაგრამ დილაობით ვვარჯიშობდი, საღამოს აუცილებლად დავრბოდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი... მოკლედ, სულ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი. შემდეგ სპორტულ ცხოვრებაში "ჩავარდნა" მქონდა - ღამის ცხოვრებას "მივყევი". საბოლოო ჯამში, ამან ჩემზე ზეგავლენა მოახდინა - გავზარმაცდი... რა თქმა უნდა, ეს პროექტი დამეხმარა, რომ უფრო მეტად მოტივირებული ვიყო და სპორტული ცხოვრებით დავკავდე. მეორე კვირაა, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში გადის და ამ ხნის განმავლობაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცოტათი წონა დამაკლდა, ღიპუცელა შემომეწია (იცინის)...
- უთანხმოება არ მოგდით ხოლმე?
ჯულიანა:
- როცა 2 ადამიანს საერთო მიზანი აქვს, მთავარია, ორივე ბოლომდე იხარჯებოდეს. მცირე უთანხმოება ბუნებრივი რამ არის. უბრალოდ, ეს არაადეკვატურ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს.
ამიკო:
- პიროვნული უთანხმოება არ მოგვსვლია.
ჯულიანა:
- ჯერჯერობით, ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა.
- "ცეკვავენ ვარსკვლავებში", როცა თქვენს ნომერს დაასრულებთ ხოლმე, ყველაზე მეტად ჟიურის რომელი წევრის შეფასების გეშინიათ?
ამიკო:
- ჯულის შეფასების (იცინის). როცა ცეკვას დავასრულებ, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. ჯული თუ მეტყვის, - კარგი ბიჭი ხარო, ე.ი. ყველაფერი კარგად გავაკეთე. მთავარი "ჟიურისგან" პირველი ცეკვის შესრულებისას სწორედ ასეთი შეფასება მივიღე. შემდეგაც მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ უკეთესი სიტყვებით შემაფასონ.