მანუელ ჰერერა 2013 წელს საქართველოში ჩამოვიდა. სამხრეთამერიკელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლის ანდერძის თანახმად, პატარა ყუთი და დოკუმენტები ჩამოიტანა, ქართველი ემიგრანტის, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ლეო კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილის, მარიამ კერესელიძის მეუღლე იყო. მარიამის შესახებ ინფორმაცია მწირია, ისტორიკოსი, ტელედოკუმენტალისტი ბესო გაფრინდაშვილი რამდენიმე წელი იკვლევდა მარიამის ისტორიას, რომელსაც მასზე უგონოდ შეყვარებული"პავლე ჯორჯაძის, იმავე "შახოვსკის" კა-გე-ბესთვის განკუთვნილმოხსენებებში მიაგნო. როგორია დაკარგული ქართველი ქალის ამბავი და რატომ ნადირობდა მასზე რამდენიმე ქვეყნის უშიშროება, ბესო გაფრინდაშვილი მოგითხრობთ:
უშიშროების არქივიდან
1990-იან წლებში, როდესაც უშიშროების არქივები გაიხსნა, სწორედ მათში აღმოჩნდა პავლე ჯორჯაძის ("შახოვსკის") ჩვენება, საიდანაც ვიგებთ მარიამ კერესელიძის შესახებ. საბჭოთა სპეცსამსახურების გადაბირებულ ჯორჯაძეს დავალებული ჰქონდა ანტისაბჭოთა ქართულ ემიგრაციაში შეღწევა და ლიდერების განადგურება...
მარიამმა განათლება რომში მიიღო, შემდეგ მშობლებთან (მარიამის მამა, ლეო კერესელიძე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" ხელმძღვანელი იყო) ერთად ჩრდილოეთ მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ჩავიდა. პავლე ჯორჯაძის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ის გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან, ანუ ტანჟერში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა. ქართული ემიგრაციის ნაწილი ფიქრობდა, რომ გერმანიის საშუალებით მოახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მომხიბვლელი მარიამის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ფრანკოს ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი, ესპანეთის, მაროკოს მმართველები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები.
მარიამის სადაზვერვო საქმიანობას ხელს უწყობდა ისიც, რომ მან კარგად იცოდა იტალიური, ინგლისური, ესპანური, გერმანული და არაბულიც კი, ქართული კი მამამ პარიზში ბავშვობაშივე ასწავლა. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მარიამი მამიდას სწერს, ვკითხულობთ: "როცა პატარა ვიყავი, ქართულად ლექსებს ვწერდი და ფანდურზე ვმღეროდი. უკვე 14 წელიწადი გავიდა, უკანასკნელად რომ ველაპარაკე ქართველ ადამიანს. ახლა 38 წლის ვარ, ყოველდღე მავიწყდება მშობლიური ენა და ამის გამო მიკვდება გული. 11 წელია, ქართული წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ვკითხულობ და ყოველდღე ჩემს თავს ქართულად ველაპარაკები..."
პავლე ჯორჯაძის ანგარიშიდან ჩანს, რომ მარიამის ინფორმაციით, გერმანული ავიაცია სამი წლის განმავლობაში ბომბავდა გიბრალტარში განლაგებულ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზას. წაიკითხეთ სრულად