30 ოქტომბერს წერეთლის N91-ში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. კორპუსის მე-15 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც უვნებელი გადარჩა. როგორც AMBEBI.GE-ს ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს: "მამაკაცს ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც "პუფებზე" დაეცა". ექიმების თქმით, პაციენტს სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისა და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. იღბლიანი პაციენტი საკუთარი ვინაობის გამხელასა და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.
ფოტო: კახა მახარაძე
როგორც ჩვენთან საუბარში იმავე კორპუსის მაცხოვრებლები ჰყვებიან, მამაკაცი მათ კორპუსში არ ცხოვრობს. ის პროფესიით არქიტექტორია და ინციდენტის დროს მას თან ჰქონდა ფოტოაპარატი და სახაზავი.
თვითმხილველი ხარება მელაძე AMBEBI.GE-სთან მომხდარს დეტალურად იხსენებს: "შემთხვევის დროს ეზოში ვიყავი. არაამქვეყნიური ხმა გავიგონე. 50 მეტრის მოშორებით ვიდექი. თავდაპირველად მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. გონს რომ მოვიდა, თავისი ფეხით ამოვიდა "გარაჟიდან", ჩაჯდა ტაქსიში და საავადმყოფოში წავიდა".
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტოფარეხში არსებულმა "პუფებმა" გადაარჩინა, თუმცა მეზობლების თქმით, ის სამშენებლო მასალებზე დაეცა, რომელიც "პუფებთან" ერთად ავტოფარეხში ინახებოდა. მამაკაცის ვარდნის სიჩქარე, სავარაუდოდ, თუნუქის ფირფიტებმა შეანელა, რომლითაც ავტოფარეხი იყო გადახურული.
ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში ის არის, რომ მამაკაცმა გადმოვარდნის დროს ფოტოაპარატი დაკარგა და ამ ფაქტს ძალიან განიცდის, ავტოფარეხის მეპატრონე კი გადარჩენილისგან სახურავის შეკეთებას ითხოვს.
ნახეთ ვიდეო: მე-15 სართულიდან ჩამოვარდნილი და სასწაულებრივად გადარჩენილი 25 წლის მამაკაცის ისტორია
მსოფლიო მასშტაბით ანალოგიური ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, დავრწმუნდით, რომ წერეთლის N91-ში მომხდარი ამბის შემთხვევაში, ნამდვილად უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სიმაღლიდან გადმოვარდნა, ავარიების შემდეგ, მსოფლიოში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეორე ადგილს იკავებს. ვარდნის დროს ფატალური შედეგი ხშირად განპირობებულია არა მხოლოდ სიმაღლის, არამედ უამრავი სხვა ფაქტორით - მაგალითად, რა პოზიციით ეცემა ადამიანი, რამდენად მყარია ზედაპირი, რომელზეც სხეული ეცემა, ტანისამოსი, ამინდი და ა.შ. ბუნებაში არ არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო სიმაღლე.
NASA-ს ტექნიკური მემორანდუმის თანახმად, თუ ადამიანი თავით არ ეცემა, მყარ ზედაპირზე ვარდნის შემთხვევაში, 7-დან 12 მეტრამდე არის ის სიმაღლე, როდესაც ადამიანს გადარჩენის სავსებით რეალური შანსი აქვს. 12-17 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში გადარჩენის ალბათობა 50%-ია (გადარჩენილს აღენიშნება ძლიერი დაზიანებები), 17 მეტრზე მეტი სიმაღლიდან ვარდნის დროს კი გადარჩენის შანსი, ფაქტობრვად, 0-ს უტოლდება.
საინტერესო ფაქტები
1971 წელს ბორტგამცილებელი ვანესა ვულოვიჩი 10,160 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და პარაშუტის გარეშე გადარჩა, თუმცა 2013 წელს მსოფლიოში 556,000 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევის შედეგად, მაშინ როდესაც ვარდნის სიმაღლე 1 მეტრსაც არ უტოლდებოდა.
ჯოშუა ჰენსონი 2007 წელს მინეაპოლისში სასტუმროს მეჩვიდმეტე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ის ჯერ პირველი სართულის გადახურვაზე დაეცა, შემდეგ კი - მიწაზე დავარდა. 29 წლის ჰენსონს სხეულის უამრავი დაზიანება ჰქონდა, მათ შორის - შინაგანი სისხლდენა და ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ამის მიუხედავად, მამაკაცი გადარჩა.
ბრიტანელი ტიმ სტილველი ახალ ზელანდიაში ყოფნისას მეჩვიდმეტე სართულზე, ბინაში ჩაიკეტა. სტილველი შეეცადა, ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გადამძვრალიყო, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ მოხერხდა და 20 წლის ტიმი ჯერ მეთხუთმეტე სართულის აივანზე დაეცა, იქიდან კი - პირველი სართულის გადახურულ ჭერზე. ექიმები მიიჩნევენ, რომ სტილველს ძალიან გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა. მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და მალევე გამოჯანმრთელდა.
ავტორი: თიკო გურაშვილი
ინფოგრაფიკა: ლევან ტაბატაძე