ავტორი:

"ჩვენ დაგვაქციეს, მათი გამდიდრებისთვის... ანგელოზი მომიკლეს" - ვინ იყო ქედაში გარდაცვლილი 6 წლის ბავშვი

"ჩვენ დაგვაქციეს, მათი გამდიდრებისთვის... ანგელოზი მომიკლეს" - ვინ იყო ქედაში გარდაცვლილი 6 წლის ბავშვი

გუშინ ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალებულ ტრაგედიას 6 წლის გიგა ოსანაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დოლოგანის ცენტრში კარიერია, სადაც ქვის მოპოვება ხდება. თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას კარიერის დამუშავებისას მომხდარი აფეთქების შედეგად გატყორცნილი ქვა მოხვდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპული ბავშვის ახლობლები კარიერის მწარმოებელ კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ და პასუხისმგებელი პირების სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

"ჩვენ დაგვაქციეს, მათი ჯიბის ფულისთვის, მათი გამდიდრებისთვის მომიკლეს ერთადერთი ანგელოზი ძმისშვილი. ოთაარაანთ ქვრივად ვიქცევი და მაგათ დავხოცავ, მანდ რომ მოვიდნენ. როგორც კი მაგათ მანქანებს დავინახავ, თავპირზე გადავალეწავ, ერთს არ დავტოვებ. გზას რომ ითხოვდა სოფლის ხალხი, არ გააკეთეს. რამდენჯერ ჩამოსვლა მინდოდა, ფეხით ვერ მოვდიოდი, ძმები ვერ ჩამოდიოდნენ, რომ ამოვეყვანე ინვალიდი ქალი. ჩემი ძმის ეზოში ჩამოვარდა (ლოდი), მეორე ძმის სახლიც დაზიანდა. მოვითხოვთ გააუქმონ კარიერი და ხალხს მშვიდობა მისცენ. აქ ბავშვები არიან, 15 ბავშვი დადის სკოლაში, ბაღის ბავშვებიც არიან, თუ შეიძლება აქ მასეთი რამის კეთება", - ყვება დარიკო გორგილაძე, რომელიც გარდაცვლილი ბავშვის მამიდაა.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობენ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები

"ტრაგედიის დროს ბავშვის მამა ტყეში შეშის შესაგროვებლად იყო წასული. აფეთქება რომ მოხდა, მოზარდი გვერდით სახლში საკუთარი ბიძის ეზოში თამაშობდა. მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი. გეგა დედასთან, მამასთან და სამ დასთან ერთად სოფელ დოლოგანში ცხოვრობდა. ფაქტმა გაგვანადგურა... აფეთქებას შეეწირა მოზარდის სიცოცხლე. ვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ქვის კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას", - აცხადებენ ახლობლები.

გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, აფეთქებას ძლიერი ბიძგები მოჰყვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

"დღეს იყო გამოცხადებული აფეთქება, გაფრთხილებულები ვიყავით. ყველა მხარე ჩაკეტილი იყო. ელოდებოდნენ ჰოლანდიელებს და მათ მოსვლამდე მოხდა აფეთქება. მოულოდნელი იყო ეს აფეთქება თუ არა, არ ვიცი. ბავშვი ეზოში იმყოფებოდა, შიშის ნიადაგზე გაქცეულა და ქვა ჭიშკართან დაეწია...", - აცხადებს მეზობელი.

ნახეთ ვიდეო: "შემოვარდა სახლში ქვები, ბავშვებმა გრძნობა დაკარგეს" - ქედაში კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი 100 მეტრის მოშორებით, საკუთარ ეზოში დაიღუპა

ოსანაძეების ოჯახი ერთადერთი არ იყო, რომელთა ეზოშიც აფეთქების შედეგად ქვები ჩამოცვივდა, ადგილობრივების თქმით, აფეთქების შედეგად ბავშვებმა გონება დაკარგეს.

"ვითხოვთ სოფელში კარიერზე სამუშაოები შეწყდეს. აფეთქების შედეგად ბიძგები ძალიან ძლიერი იყო. ტრაგედიასთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, მართალია გაგვაფრთხილეს, რომ აფეთქება იქნებოდა, მაგრამ დროზე ადრე მოხდა და მნიშვნელოვნად დაგვაზარალა. არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა", - აცხადებენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქის" და შპს „დინამიტი-ლ.დ"-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა