პირველი კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელის, ნათია კირვალიშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათთან შეყვანილი დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
"ქალბატონი არის 65 წლის. აქვს ავტოავარიის შედეგათ მიღებული პოლიტრამვა. ჯერჯერობით კვლევის პროცესშია პაციენტი. სრულად გამოკვლევები არ დასრულებულა. მდგომარეობა ცალსახად მძიმედ ფასდება, მაგრამ ჯერჯერობით რა მასშტაბის ტრავმაა, ზუსტად არ ვიცით. ველოდებით გამოკვლევების დასრულებას. არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა სხივ-მაჯის სახსარი არის მოტეხილი, შესაბამისად, მარცხენა კიდური ჩავუსვით თაბაშირში. პაციენტი ამ ეტაპზე გონზეა", - განაცხადა ექიმმა.
ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
დაშავებულების ნაწილი ინგოროყვას კლინიკაში, ნაწილი კი პირველი კლინიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს.