„ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრები ესწრებიან.
როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, შეხვედრა ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.
„პარტიის ოფისში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები. მსჯელობა მიმდინარეობს მეორე ტურთან დაკავშირებით, ასევე, იმ პირველი რანგის პრობლემებზე, რომელიც გადასაწყვეტია. ჩვენ მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილი, რომელსაც შესაბამისი პასუხი და რეაგირება სჭირდება. მიმდინარეობს იმ ნაბიჯების დაგეგმვა, რომლითაც ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა დავითულიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტების ამოცანაა, დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა.
„ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტების მართვის სტილი, მათი პოლიტიკური ამოცანა არის დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას პოზიტიური მესიჯებიც ექნება.
„იგეგმება ზუსტად იმ პრობლემების გამოკვეთა, რომელზეც დღესვე შეგვიძლია პასუხის გაცემა და რომელზეც უახლოეს მომავალში უნდა გავცეთ პასუხი. კონკრეტულად რა პრობლემებზეა საუბარი და რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამაზე შესაბამისი განცხადება გაკეთდება", - განაცხადა დავითულიანმა.