ინდონეზიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან ერთი დღის შემდეგაც არ არსებობს პასუხი, რამ განაპირობა ავიაკატასტროფა.
CNN წერს, რომ ვერავინ პასუხობს კითხვას, რატომ ჩამოვარდა ახალი „ბოინგი“, რომლის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა.
მყვინთავები და მაშველები შეუჩერებლად მუშაობენ, ცდილობენ, წყალქვეშ ცხედრები და თვითმფრინავის ნაწილები იპოვონ.
ტანჯუკ პრიოკის პორტში იმყოფება ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრი, ბუდი კარია სუმანი სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეუერთდა, რომლებიც ნაპოვნ მასალას სწავლობენ.
გარდაცვლილების ოჯახის წევრები კი კვლავ სიახლეებს ელოდებიან. 53 წლის ნუნი ჰესტიმ CNN-თან განაცხადა, რომ ავიაკატასტროფას მისი შვილი და შვილიშვილი ემსხვერპლნენ, ისინი ჯაკარტაში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდნენ.
ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ყველა მგზავრის ცხედრის პოვნას მაშველები ვერ შეძლებენ. სამძებრო სამსახურის წარმომადგენლის, მუჰამად სიაუგის თქმით, გარდაცვლილთა ოჯახები დაარწმუნეს, რომ ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„ლაიონ ეარის“ თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 189 მგზავრი იმყოფებოდა და მოკლე რეისს ასრულებდა, ავიაკატასტროფა გუშინ განიცადა. თვითმფრინავი ჯაკარტადან ქალაქ პანგკალ პინანგში მიფრინავდა და აფრენიდან რამდენიმე წუთში ზღვაში ჩავარდა.