თუ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდა, საქართველოს ელოდება ტურბულენტური პოლიტიკური პერიოდი, ზურაბიშვილი კი ბრჭყალებს გარკვეულ საკითხებში გამოაჩენს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, თითოეული კანდიდატის გაპრეზიდენტებას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს.
„თუ პრეზიდენტი ვაშაძე გახდა, ვფიქრობ, საქართველოს ელოდება საკმაოდ ტურბულენტური პოლიტიკური პერიოდი, რადგან მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ სტიმულს მიიღებს, რომ დღის წესრიგში დააყენოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, მაქსიმალურად ასწიოს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა. ვაშაძე ნამდვილად შეასრულებს დაპირებას, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, დაუბრუნებს მას საქართველოს მოქალაქეობას და შესაბამისად, შექმნის საქართველოში მისი დაბრუნების წინაპირობებს. ყველასთვის ცხადია, რომ ის, როგორც პრეზიდენტი იქნება მკვეთრად დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართული ოცნების“ და მარგველაშვილის დაპირისპირება მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მივიღებთ. პრაქტიკულად, ყველა საკითხზე მას „ქართულ ოცნებასთან“ ექნება პოლიტიკური ბრძოლა და ომი, რითაც პოლიტიკური დაძაბულობის მუხტი ქვეყანაში ნამდვილად აიწევა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება ვაშაძის გაპრეზიდენტების პლიუსებს, როგორც ანჯაფარიძე ამბობს, ეს შესაძლოა დადებითად შეფასდეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან იტყვიან, რომ ხელისუფლების ერთი შტო მაინც ეკუთვნის ოპოზიციას.
„დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მოეწონოთ ხელისუფლების გადანაწილება და ხელისუფლების ერთი შტო მაინც ეკუთვნის ოპოზიციას და ის არ არის კონცენტრირებული ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. შესაბამისად, ადგილი აქვს პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც ასე ძალიან მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ეს განაცხადა, რომ ევროპას არ მოსწონს რომ ერთი პოლიტიკური პარტიის ხელშია კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება. ეს პოზიტივი ვაშაძის გაპრეზიდენტებაში შესაძლოა იყოს. იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, ზურაბიშვილი პირველ ეტაპზე ეცდება მმართველ პარტიას ვალი დაუბრუნოს, შემდგომ კი შესაძლოა, ბრჭყალებიც გამოაჩინოს.
„ის პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე გამომდინარე იქედან, თუ რა ძალისხმევა დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ მისი პრეზიდენტად გაყვანა საზოგადოების ასეთი განწყობების პირობებში, ალბათ, შეეცდება, რომ მაქსიმალურად ვალი დაუბრუნოს მმართველ პარტიას, არ გააღიზიანოს და მის წინააღმდეგ არ წავიდეს. მაგრამ პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში მან შეიძლება გარკვეულ საკითხებში ბრჭყალები გამოაჩინოს. ზურაბიშვილი იქნება ნომინალური უფლებების პრეზიდენტი. მან შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში რაც მას მიაჩნია პრიორიტეტულად. მაგალითად, ემიგრანტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების საკითხი. გარდა ამისა, მან წარსულიდან გამომდინარე შესაძლოა, გარკვეული პოზიტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო ურთიერთობებში და პოზიტივიც ამით ამოიწურება“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.