ავტორი:

ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია - კალაძე ხელისუფლების შეცდომებზე

ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია - კალაძე ხელისუფლების შეცდომებზე

ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პირველ რიგში, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მივიდა არჩევნებზე. ასევე, მადლობა დამკვირვებლებს, უცხოელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და მედიას.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, რომელსაც ოპოზიციის უპრეცენდენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო.

ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება, საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს. სწორედ „ქართული ოცნება“ არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება!

სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია. გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა კალაძემ.

არჩევნების მეორე ტურის კიდევ ერთ მიზეზად თბილისის მერი იმას ასახელებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი არ დაასახელა.

„ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც - მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები