საქართველოში რიგით მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74%.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა თანხა დაიხარჯა არჩევნებისთვის. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო. აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,111,674 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის არჩევნების პირველ ტურზე, 7,238,050 ლარი უნდა დახარჯულიყო.
ცნობისთვის, წინა 5 იანვრის დადგენილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის 39,136,784 ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 28,272,634 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,002,300 ლარის დახარჯვა, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,242,850 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, 5 იანვრის დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯი 7,619,000 ლარი იყო გათვალისწინებული.
როგორ იხარჯება საბიუჯეტო თუ კერძო სახსრები საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად და რას მოგვცემდა, ამომრჩევლის გულის მოგების ნაცვლად, ამ ფულის სხვადასხვა სფეროში დაბანდება? როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში დახარჯული ფულით პენსიონერებისთვის ერთი წლის განმავლობაში პენსიის 15 ლარით გაზრდა იყო შესაძლებელი...
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ერთი შეხედვით, არჩევნები თითქოს ზრდის მოთხოვნას განსაზღვრული სახის პროდუქციაზე, მაისურები იქნება, კეპები თუ სულაც საარჩევნო პლაკატები, მაგრამ თუ შევხედავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო მეტი სახსრები მიემართება საარჩევნო კამპანიაში, მით უფრო ხანგრძლივად ხდება ინვესტიციების გადავადება.
სხვადასხვაგვარად დახარჯულ 1 ლარს სხვადასხვა მულტიპლიკატორული ეფექტი აქვს. ინდუსტრიაში დაბანდებული 1 ლარი ერთ შედეგს იძლევა, სხვა შედეგი აქვს ამ 1 ლარს, თუ მას საპენსიო უზრუნველყოფისთვის მივმართავთ და სულ სხვა შედეგი გვექნება, თუ განათლებაში დავხარჯავთ. ამიტომ, თუ წინასაარჩევნოდ გაღებულ ხარჯებს შევხედავთ მთლიანობაში, თავისი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტით, მათი უკუგება არის დაახლოებით 0,7-0,8 თეთრი; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაბანდებული ყოველი 100 ლარიდან შესაძლებელი იქნება დამატებული ღირებულების შექმნა 70-80 ლარის ოდენობით. მაგრამ, თუ 100 ლარს დავაბანდებთ სხვა სფეროში, მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაცილებით მეტი - 160-180 ლარის უკუგება მივიღოთ.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 40 მილიონი ლარით მცირდება, 67-დან 27 მილიონამდე. ეს განპირობებულია იმით, რომ მომავალი წელი არ არის საარჩევნო და ცესკოს ამხელა დაფინანსება აღარ სჭირდება. შესაბამისად, ეს დაზოგილი 40 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ პირობითად შეგვიძლია წარვმართოთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, დამატებით მოგვიტანს დაახლოებით 65-70 მილიონი ლარის ღირებულებას, რომელიც ჩვენ შემდეგ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ ეკონომიკაში და კიდევ მეტი შედეგი მივიღოთ. განაგრძეთ კითხვა