ქალი, რომელზეც საუდელი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი უნდა დაქორწინებულიყო ამბობს, რომ მის საქმროს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლამდე გარკვეული ეჭვები ჰქონდა, ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. თუმცა, ხაშოგიმ ჰატიჩე ჩენგიზს უთხრა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საუდელი ოფიციალური პირები მისთვის ზიანის მიყენებას ვერ გაბედავდნენ.
თურქული ტელევიზიის ეთერში საუბრისას ჩენგიზმა განაცხადა, რომ ხაშოგი საკონსულოში ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად მივიდა და ამიტომ საქმროს გარდაცვალების გამო თავს დამნაშავედ გრძნობს.
„რომ მცოდნოდა, რამე მოხდებოდა... არ დავთანხმდებოდი მასზე დაქორწინებას და საკონსულოში წასვლის ნებას არ მივცემდი. უდიდეს ემოციურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, სინდისის ქენჯნას...“ - განაცხადა ჰატიჩემ.
საერთაშორისო ზეწოლის ზრდასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობასთან საუდის არაბეთის კავშირი დადგინდება, მოკავშირის წინააღმდეგ აშშ „სასჯელის მკაცრ ზომებს გაატარებს“.
თუმცა, ჰატიჩე ჩენგიზმა განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრას არ აპირებს, რადგან აშშ-ს პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არ ენდობა.
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხაშოგი საკონსულოში ფიზიკური დაპირისპირების დროს გარდაიცვალა, თუმცა თურქი გამომძიებლების ინფორმაციით, ჟურნალისტი აწამეს, მისი სხეული კი დაანაწევრეს.