გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებმა 85 წლის დავით ვანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო.
როგორც ვანიშვილი ამბობს, დღეს დილით მავთულხლართებიდან გადმოიპარა და სოფელ ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისივე თქმით, სიჩქარეში პირადობის მოწმობა შინ დარჩა, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კვლავ მავთულხლართებთან დაბრუნება მოუხდა.
"არჩევნებზე ვიყავი, გადავედი მავთულხლართებზე, ხელი გავიჭერი. თან პასპორტი დამრჩა. მოვბრუნდი, ცოლმა მომაწოდა... გამაფრთხილეს (საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა), არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაინც გადავედი, ჩემიანები არიან", - განუცხადა ვანიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.