დარღვევები და ხმაური საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების თანმდევი პროცესია. დიდი ალბათობით გამონაკლისი, არც ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, თუმცა ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.
ისმაზე, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა 28 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდება, თითქმის არავინ დავობს, მაგრამ საინტერესოა რა სცენარით განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ. შესაძლოა, პროცესებმა ქუჩაშიც კი გადაინაცვლოს - ყოველ შემთხვევაში ასეთია პოლიტილოგების პროგნოზი, რომლებიც არჩევნების შემდეგ მცირე დაძაბულობას ელოდებიან.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქვეყნის პირველი პირის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლებს, ანალიტიკოსის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" ამის მცდელობები ექნება, თუმცა არა შედეგიანი.
"არამგონია პირველ ტურში გადაწყდეს ვინ იქნება პრეზიდენტი. მეორე ტურის შემდეგ, დესტაბილიზაციას ნამდვილად არ ველოდები, თუმცა საპროტესტო გამოსვლების მცდელობები იქნება. საზოგადოება არ არის მზად, რომ ქუჩაში გამოვიდეს - ერთი წლის შემდეგ, რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ უახლოეს პერიოდში შეიძლება ერთი ორი მიტინგი ჩატარდეს და ამით დასრულდება ყველაფერი.
დიდი ალბათობით მეორე ტურში გავა გრიგოლ ვაშაძე, თუმცა ვინც არ უნდა დაუპირისპირდეს მას, ვაშაძე ნებისმიერ ვარიანტში დამარცხდება - ეს იქნება ზურაბიშვილი თუ ბაქრაძე, არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა „ნაციონალების“ მხრიდან მოჰყვება პროტესტის მცდელობა, მაგრამ არ ველოდები, რომ ეს სახალხო პროტესტში გადაიზრდება.
მოსახლეობაში „ქართული ოცნებისადმი“ დამოკიდებულება შეიცვალა და აღარ არის მიმზიდველი, მაგრამ „ნაციონალებისადმი“ დამოკიდებულება 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა, ამიტომ ხელისუფლებაში მათ უკან დაბრუნებას არ დაუშვებენ“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობის აქტივობა იქნება არჩევნებზე, მაშინ ნამდვილად შედგება მეორე ტური.
"არჩევნების დღეს, ვფიქრობ მოსახლეობის დაბალი აქტივობა იქნება. უბრალოდ ერთი პრობლემაა - თუ ძალიან ცოტა ხალხი მივიდა, შესაძლოა მეორე ტური არ შედგეს, რადგან „ნაციონალებს“ ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, რომელსაც არჩევნებზე მიიყვანენ, „ოცნებას“ კი აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც საკმარისი იქნება, რომ 50%-ს გადაჭარბოს. ნეიტრალური მოსახლეობის 10%-იც რომ მივიდეს, საკმარისი იქნება იმისთვის რომ მეორე ტური ჩატარდეს" - გვითხრა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, კი „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ შემთხვევაში გაიყვანს და ეს მოხდება ადმინისტრაციული რესურსების სრული გამოყენებით და გაყალბებით.
"არჩევნების შემდეგ არაფერს ველოდები - „ოცნება“ ზურაბიშვილს გაიყვანს პრეზიდენტად, „ ნაციონალები“ კი დაიწყებენ აქციის ორგანიზებას, მაგრამ ხალხი არ გაყვება. საკითხავია "ქართული ოცნება" რამდენად გათავხედდება და პირველი თუ მეორე ტურით გაიყვანენ ზურაბიშვილს.
ოპოზიციამ ვერ მოახერხა ის, რომ საზოგადოებისთვის გაეგებინებინა - რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში, მით უფრო აქვს ზურაბიშვილს გამარჯვების შანსი. თითოეული სახლში დარჩენილი ხმა არის ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმა! ოპოზიციას სწორედ ამაზე უნდა ემუშავა.
თუ საზოგადოებას არ უნდა, რომ ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვოს, ის უნდა მივიდეს არჩევნებზე. ამათ ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი ვერ გაწვდება, რაც 20-25%-ია. ხოლო რაც უფრო ცოტა ამომრჩეველი მივა, ეს 20-25% მეტი იქნება და შეიძლება მეორე ტურიც აღარ გახდეს საჭირო.
თუმცა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა, იმიტომ, რომ არ უღირთ წარმოდგენილი კანდიდატები საიმისოდ. ასე, რომ განსაკუთრებულს არაფერს არ ველი. ჩემი აზრით, ეს იქნება ბოლო არჩევები, სადაც მმართველი ძალა მოიგებს" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავს "ქართული ოცნების" მხრიდან 54%-იანი მხარდაჭერის დაანონსება, ლაგაზიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება „თავზე ხელის აღებისთვის“ ემზადება.
„სიმართლეს ხელისუფლების რიგებში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ღაღადებს ბიძინა ივანიშვილი და მან ინტერვიუს დროს ღიად გამოხატა ის შიში, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. „ქართული ოცნების“ დღევანდელი წევრებიც კი მხარს არ უჭერენ სალომე ზურაბიშვილს. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრებიც კი არ უჭერენ მხარს, აღარაფერს ვამბობ იმ ამომრჩეველზე, რომელიც „ოცნებამ“ დაკარგა“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.
არჩევნებში მეორე ტურს პროგნოზირებს პოლიტიკური ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია. მისი თქმით, თუ ასე არ მოხდა ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„გრიგოლ ვაშაძის ან სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში არეულობა და დაპირსპირებაა მოსალოდნელი. სალომე ზურაბიშვილის კამპანია იყო ყველაზე გამყოფი, საქართველოს ისტორიაში. ამან ერი გაყო ორ მკაფიო ოპოზიციურ ნაწილად. ვაშაძეც და ზურაბიშვილიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი კანდიდატები არიან. ხოლო, თუ გაიმარჯვებს ბაქრაძე, არც არაფერი იქნება - შეცხადება მოჰყვება.
მეორე ტურს აუცილებლად ველოდები, თუ არ იქნება ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა" - გვითხრა გეგელიამ, რომელიც "ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევას სრულ აბსურდს უწოდებს.
"10 ადამიანიდან ათივე ამბობს, რომ ზურაბიშვილს არ აძლევს ხმას და ეს მონაცემები საიდან მოიტანეს არ ვიცი. სამეგრელოში ცუდად აქვს საქმე "ოცნებას", ასევეა თბილისშიც, თითქმის არც ერთ რეგიონში სტაბილური მხარდაჭერა არ აქვს. ამიტომ ამ კვლევის გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი - ერთი ის, რომ მოახდინონ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მეორეს მხრივ, შესაძლოა არჩევნების გაყალბებას აპირებენ და ამით ნიადაგს ამზადებენ“ - გვითხრა გეგელიამ.