შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში განუცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
გახარიას განცხადებით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდა პოლიციის მძიმე ტექნიკის გადაადგილება დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შს მინისტრის განმარტებით, თითოეული პოლიციელი მზად არის, რომ მოქალაქეებმა არჩევანი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში გააკეთონ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში. თითოეული პოლიციელი მზადაა, რომ მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში... ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად“, - განაცხადა შს მინისტრმა.