კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში, ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილის ვაჟმა მის ოჯახს მადლობა გადაუხადა, რადგან სცენაზე იდგა და ქართული ენის თარჯიმანი არ დასჭირდა.
„მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, ეს იმიტომ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად. ეს მიმართვა - „დედა“ არის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის იყო კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან.
ეს არის ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული. ჩვენ დღეს გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამასთვის, ბებოსთვის და ჯანრისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენი ოჯახის მიერ ქართული ენის დაცვას“, - განაცხადა ზურაბიშვილის ვაჟმა.
ის გამოეხმაურა წინასაარჩევნო კამპანიას და განაცხადა, რომ დედამისისთვის მიყენებული შეურაცხყოფა მიუღებელი და არაქართული ქმედება იყო.
„ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ - მიუღებელია. ეს შეურაცხყოფა იყო სრულიად არაქართული ქმედება. მე შეიძლება შეცდომას ვუშვებ ქართულ ენაში, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახის მიერ საქართველოს დაცვა ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ვალდებულება ბაბუაჩემის, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე. მას სურდა დარჩენილიყო ქართველად. ასე დაიბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს ახლა დედაჩემის მოვალეობაა. როცა დედაჩემმა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რათა მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში.
ამ თხოვნაზე დედაჩვენმა გვიპასუხა, რომ ბრძოლა მისი ვალდებულება იყო და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხიდი თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში, ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დღეს ვფიქრობთ ბებიაზე და ბაბუაზე, ისინი ჩვენთან არიან. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა სიტყვით გამოსვლისას.