თიბისი არტ გალერეაში მოქანდაკისა და მხატვრის - ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გახლდათ ელგუჯა ამაშუკელის დაზგური ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასახვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები.
ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ სკულპტურული შემკულობა, ვეფხი და მოყმე, ცოდნის ზარი, ფარნავაზი თბილისში, გიორგი ლეონიძის, ლადო გუდიაშვილისა და უშანგი ჩხეიძის საფლავები მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დავით აღმაშენებელი ქუთაისში, გამარჯვების მონუმენტი გორში, დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი მალთაყვაში, ცოტნე დადიანი და კოლხეთის დედა ფოთში, მემედ აბაშიძე და ილია ჭავჭავაძე ბათუმში - ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია.
„მონუმენტურობის გრძნობა მხატვრის მეექვსე გრძნობაა - საგნის სივრცობრივად აღქმისა და გარემოს ჰარმონიულ ნაწილად წარმოსახვის გრძნობა“ - ეს ფრაზა ელგუჯა ამაშუკელს ეკუთვნის.
მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოს მფლობელი ელგუჯა ამაშუკელი თელავში დაიბადა, მოგვიანებით, ოჯახი საჩხერეში გადავიდა და მან სკოლაც იქვე დაამთავრა. შემდეგ, სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 30 წლის იყო ქართლის დედაზე რომ დაიწყო მუშაობა. ძეგლი თბილისის 1500 წლისთავისთვის შეიქმნა. მისი პირვანდელი სახელწოდება „ქართვლის დედა“ იყო, მონუმენტი 1958 წელს, სოლოლაკის გორაზე აღიმართა და ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ხის ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით, ხის ფაქტურა ალუმინის ფირფიტებით დაიფარა. 1997 წელს ალუმინის ქანდაკება ახალი, 20 მეტრის სიმაღლის თუჯის მონუმენტით შეიცვალა. ქართლის დედის შექმნისათვის ელგუჯა ამაშუკელმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო.
სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა 3 მეტრის სიმაღლის 3 ქართლის დედა, რომლებიც ქართლის დედის მონუმენტის პირვანდელ სახესა და მის საბოლოო ვერსიამდე განვლილ სახეცვლილებებს ასახავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ გორგასალის ბრინჯაოს ქანდაკებაც. ელგუჯა ამაშუკელის პირველი დიდი წარმატება სწორედ ვახტანგ გორგასალის ძეგლს უკავშირდება, რომელიც თბილისის დამაარსებელი მეფის მონუმენტის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეიქმნა და ამისთვის ელგუჯა ამაშუკელმა პირველი პრემია მიიღო.
გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახია.
„დღევანდელი გამოფენა გამოირჩევა, რადგან ელგუჯა ამაშუკელი არის თბილისის ემბლემების ავტორი. გამოფენის მოწყობისთვის, მისი ნამუშევრების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა. დამთვალიერებელს შეუძლია 17 ნოემბრამდე იხილოს ეს ექსპოზიცია“ - განმარტავს, ქეთევან კორძახია.
თიბისი არტ გალერეაში წარმოდგენილ ესქპოზიციაზე, ელგუჯა ამაშუკელის ნახატები და მისი ნამუშევრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები იხილა დამთვალიერებელმა. გემოფენა ეროვნულ არქივში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ხელოვნების ინსტიტუტსა და კერძო კოლექციებში დაცულ დოკუმენტურ ფოტო და ვიდეო მასალას , ასევე ფოტოგრაფ გიორგი ინდუაშვილის, სპეციალურად ამ გამოფენისთვის, თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ამაშუკელის ძეგლებსა და მონუმენტების ფოტოებს აერთიანებს.
„ქანდაკებების ესკიზებს და ჩანახატებს არასოდეს აკეთებდა, წარმოსახვით ამუშავებდა თითოეულ დეტალს და თავიდანვე მოდელის აგებას იწყებდა. ელგუჯას ნამუშევრები მთლიანობაში საქართველოს ნაწილია. მისმა მონუმენტებმა გარკვეულწილად შეცვალეს საქართველოს პეიზაჟი. თბილისი, შეიძლება ითქვას, ელგუჯა ამაშუკელის, ღია ცის ქვეშ მყოფი მუზეუმია.“ - ამბობს მოქანდაკის მეგობარი და კოლეგა, არქიტექტორი, ვახტანგ დავითაია.
ცნობილია, რომ მოქანდაკის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მისი ნამუშევრების პირველი მნახველი, ამაშუკელის მეუღლე - პოეტი, ლია სტურუა გახლდათ.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა შედგა თიბისი გალერეაში. ელგუჯას სიცოცხლეში, თავისი ნამუშევრები ერთად შეკრებილი ფაქტობრივად არ ჰქონია, ალბომიც კი არ ჰქონდა. ამბობდა, რომ მისი საქმე მხოლოდ ქანდაკებების შექმნა იყო და არ ზრუნავდა გამოფენასა და ალბომებზე. ახლა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი მაღალ პროფესიულად გაკეთებული ექსპოზიცია და ერთად შეკრებილი ნამუშევრები თავად ელგუჯასაც ძალიან გაახარებდა.“ - აღნიშნავს ლია სტურუა.
თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყობა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული მისი ნამუშევრები.
გამოფენის გახსნის შემდეგ, ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც თიბისი არტ გალერეის დირექტორი - ქეთევან კორძახია, არქიტექტორი - ვახტანგ დავითაია და ფილოსოფოსი და არტ-კრიტიკოსი - დავით ანდრიაძე გაუძღვნენ.
თეკლე ჯანელიძე