სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეკანოზმა მოზარდებში მარიხუანას მოხმარების გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა და არსებული სიტუაცია 90-იან წლებს შეადარა, როდესაც ნარკოტიკი ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყო.
მამა შალვას თქმით, პარლამენტში მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს საპატრიარქო რადიკალურად ემიჯნება და არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს. წარმოუდგენელია ასეთი რამ! რატომ მეპარება ამაში ეჭვი? ჯერ ერთი, ამ თემებზე ჩვენ გვესაუბრება შსს და არ გვესაუბრება ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ეს ყველაფერი სამედიცინო თვალსაზრისითაა, რატომ არ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი? რატომ არ გამოვიდა ამ ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ გამოდის შსს? კიდევ, ჩვენ გვესაუბრებოდნენ, რომ მარიხუანა, რომლის კულტივაცია უნდა მოხდეს, არის არამათრობელა საშუალება. თუ არა მათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! რატომ უნდა იყოს დაცული? ვისგან უნდა დავიცვათ, ვინ მოიპარავს, მარიხუანა თუ მათრობელა საშუალება არ არის? მისგან ზეთებს ადამიანი თავისით ვერ გამოხდის. ძალიან ძვირად ღირებული აპარატურა სჭირდება, რითაც მარიხუანა უნდა დაამუშაონ. მე არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავს", - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, დღეს ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება, რაზეც მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს. მამა შალვას თქმით, საჭიროა მარიხუანას მოხმარებისთვის რეგულაციების დაწესება და მომხმარებელ პირთა რეგისტრირება.
"დღეს ქვეყანაში ასეთი რეალობაა: ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მარიხუანას მომხმარებელია, საპრეზიდენტო კანდიდატად გვყავს ქვეყნაში. ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქვენი. წარმოგიდგენიათ, რა დასაცინები ვართ!" - განაცხადა მამა შალვამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღ ცხოვრების პროპაგანდა და ასეთი ადამიანების წარმოჩენა თითქმის არ ხდება.