ფონდი "იავნანა" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი „იავნანა“ ხვალ, საქველმოქმედო აქციას გამართავს, რომელსაც ფონდის მხარდამჭერებთან ერთად დაესწრებიან საერთაშორისო მედია, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"2004-2017 წლებში მოქალაქეთა შემოწირულობებმა შეადგინა 3,082.026 ლარი. აქედან შემოწირულობები ყულაბებში (GEL 1.359.05), ხურდების დამრგვალება (GEL 126.848), სატელეფონო ზარები (GEL 1,488,544) ონლაინ ჩარიცხვები (GEL 79.838) და გადარიცხვის ავტომატებით (GEL27.791); ფონდმა კი სოციალური დახმარების სახით გასცა 2-ჯერ მეტი, 6 მილიონი ლარი" - ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის განცხადებით, სიცრუეა, რომ საქველმოქმედო კონცერტები ფინანსდებოდა მოქალაქეთა მიერ შემოწირული თანხით.
„სიმართლეა, როცა ვამბობთ, რომ კონცერტები ფინანსდებოდა მიზნობრივი თანხებით: კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, კერძო კომპანიები, უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრები პაატა ბურჭულაძის ბიზნესმენი მეგობრების მიერ. სწორედ ამ მიზნობრივი დაფინანების ნაწილია ფონდის ღონისძიებებში მონაწილე არტისტების მგზავრობის - ავიაბილეთების საზღაური.
თუნდაც ეს რომ ყოფილიყო 700 000 ლარი - ეს თანხა გახლავთ მიზნობრივი, კანონიერი და კონკრეტული პროექტის ფარგლებში დაფინანსებული, რომელმაც საქართველოს მოუტანა 6 მილიონის დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ჩვენს ქვეყანაში საქველმოქმედო მიზნებისთვის ჩამოიყვანა მსოფლიოში აღიარებული არტისტები - მონსერატ კაბალიე, დოლორა ზაჯიკი, ფერუჩო ფურლანეტო, მარჩელო ალვარესი, ევგენი კისინი, მორის ბეჟარის საბალეტო დასი და სხვა. რომელთა ჰონორარები საერთო ჯამში რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„იავნანას“ განმარტებით, პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ არასოდეს ჰქონია ხელფასი, ჰონორარი ან რაიმე ტიპის სხვა სარგებელი და ფონდი უზრუნველყოფდა მხოლოდ მისი ავიაბილეთებისა და სასტუმროს ხარჯებს, ისევე როგორც იმ არტისტებისას, ვინც „იავნანას“ აქციებში მონაწილეობდნენ.
„საქართველოს საგადასახადო კანონის მეათე მუხლის მიხედვით კულტურული პროექტებისთვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს ქველმოქმედებას ისევე, როგორც სოციალურ პროექტებზე გაწეული ხარჯი. ფონდი „იავნანა“ 2004 წელს დაარსდა და მის მთავარ ფუნქციას ამ ორი მიმართულების ერთობლიობა წარმოადგენს. სიცრუეა, როცა ვამბობთ, რომ გაჩნდა კითხვები და მიმდინარეობს გამოძიება, სიმართლეა, როცა ვამბობთ, რომ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით უპასუხოდ დარჩენილი კითხები არ არსებობს.
სიმართლეა, როცა ვამბობთ, რომ სამი პროკურორი და ხუთი გამომძიებელი გულმოდგინედ ეძებს მეორე წელია და ვერანაირი დანაშაულის და თანხის მითვისების ნიშნებს ვერ პოულობს ფონდის საქმიანობაში. მათ აღმოაჩინეს მხოლოდ კეთილი საქმეები, რომელიც 14 წლის მანძილზე „იავნანამ“ მხარდამჭერთა თავდაუზოგავი შრომით შექმნა. სიმართლეა, როცა ვამბობთ, რომ მავნებლური კამპანიის შედეგად ფონდი დაზარალდა მორალურად და მატერიალურად, ვეღარ იღებენ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახები და ფონდის სხვა ბენეფიციარები.
სიმართლეა, როცა ვამბობთ, რომ საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადვოკატების თანადგომით, ადრე თუ გვიან ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაისჯება“, - განმარტებულია ფონდ „იავნანას“ განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მისივე ინიციატივით ესტუმრა მეუღესთან ერთად და დაასახელა 9 მილიონი ლარი, რის სანაცვლოდაც ის მათი თანაგუნდელი გახდებოდა.