ავტორი:

რა უნდა ქნას "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად?

რა უნდა ქნას "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად?

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, საზოგადოება კი ორი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის კომპრომატებითა და ფარული აუდიოჩანაწერებით სავსე ბრძოლას ადევნებს თვალს.

ვინ მოიგებს კომპრომატების ომს, 28 ოქტომბერს გაირკვევა, მანამდე კი ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებმა ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო -"ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა და ხელისუფლებამ გარკვეული ძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მან დეტალურად იცის - "ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და გეგმავს".

იმაზე, რომ ქვეყანას „გავლენიანი დაჯგუფებები“ მართავდნენ, საუბარი დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება, სუბელიანი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მასთან ვალშია და, რომ ის პროკურატურას დღესაც მართავს.

რამდენიმესაათიანი ჩანაწერი მედიაში სერიებად გავრცელდა. ერთ-ერთ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გაურიგდა ხელისუფლებას და საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, თუმცა ხელისუფლებამ ერთგულება ვერ დაუფასა.

ჩანაწერის გადასაფარად პროკურატურამ საუბრის სხვა ვერსია გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ხელისუფლებამ გაწირა, ამიტომ მათ "ჩასაძირად" ტყუილებს მოიფიქრებს და საზოგადოებას მარტივად დაარწმუნებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" გარშემო ვნებათაღელვა, რომელსაც ასევე თან სდევდა ფარული ჩანაწერების სერიები.

კომპრომატების ომს კიდევ ერთი - ბადრი პატარკაციშვილის საქმის უცნობი აუდიოჩანაწერები დაემატა, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადაიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი.

უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი, ქვეყანაში არსებული კლანური მმართველობა და სისტემის ტყვედ აყვანილი ლიდერი პოზიცია - ასე აფასებენ პოლიტოლოგები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის რამდენიმე გზას სთავაზობენ.

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა კლანური მმართველობაა, ამიტომ მისი აზრით, „ოცნებას“ ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა ძალიან გაუჭირდება.

"ამ პრობლემების მთავარი ვექტორი არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის პირები, რომლებიც გავლენებს ფლობენ, მაგრამ არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი. როდესაც წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, ეს იყო ხელისუფლებაში არსებული ჯგუფი, რომლებსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჰქონდათ. მაშინ სხვა რეალობა იყო, ასეთი დანგრეული ინსტიტუციები ჩვენ არ გვახსოვს. თუმცა, საზოგადოება ამას ჯერ ვერ აცნობიერებს, იმიტომ, რომ „ოცნებას“ საკმაოდ მძლავრი პროპაგანდა აქვს.

პროდუქტებზე ფასების ზრდა, ყოველდღიური გაჭირვება და უსაფრთხოების შემცირება - ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ქვეყანას კლანები მართავენ, თუმცა ხალხი ამას ვერ ხვდება, ამიტომ ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს საზოგადოებრივი კრიზისი.

ვხედავთ სახელისუფლებო და ინსტიტუციურ კრიზისს ხოლო სამოქალაქო კრიზისს ჯერ ვერ ვხედავთ, რადგან ხალხს არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყებოდა და მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები იქნებოდა. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებამ, ვეჭვობ რაიმე სურათი შეცვალოს. მთელი პერსპექტივა მხოლოდ ის არის, რომ იქნებ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს, თორემ ზოგადად „ოცნება“ ამ წუთის მონაცემებით, ისევ ხელისუფლებაში დარჩება.

ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია - რაღაცნაირად თეორიული შანსი გაჩნდეს, რომ ხელისუფლების ძალაუფლება ოდნავ შემცირდეს და „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით აღარ იყოს. სხვა შემთხვევაში გამოსავალს ვერ ვხედავ. საქმეების აღძვრა ტყუილია, ისინი არავის დამჭერები არ არიან. თავის თავს, როგორც წესი არავინ არ იჭერს" - უთხრა AMBEBI.GE-ს გამზარდიამ.

კითხვაზე, სავარაუდოდ რა სცენარით განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ, ანალიტიკოსს უჭირს პროგნოზის გაკეთება.

„არჩევნების მერე რა მოხდება არ ვიცი, ამის გათვლა ძალიან ძნელია. შეიძლება ყველაფერი წავიდეს ჩვეულებრივ. საერთო ჯამში არჩევნები როგორ დამთავრდება, აქაც ბევრი კითხვის ნიშანია, სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ლოგიკები ჩნდება. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა პროტესტის ტალღა გაძლიერდეს, ამიტომ „ოცნება“ მასობრივ ტერორს დაიწყებს, მათ შორის პოლიტიკურს, თორემ არაპირდაპირ ტერორს უკვე ახორციელებს“, - მიიჩნევს გამზარდია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ასევე თვლის, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, ამიტომ მისი აზრით, "ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯები ამ მიმართულებით უნდა გადადგას.

„ხელისუფლებამ პირველ რიგში თავის მართლებას და უცნაური „კრეატიული“ მცენარეების შემოთავაზებას დაანებოს თავი. პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, ამიტომ ამას სჭირდება სისტემური პასუხი. "ოცნებამ" უნდა აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ დანაშაულს არა თუ დაფარავს, არამედ დასჯის ყველას, ვინც დანაშაულს სჩადის, მათ შორის ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ხელისუფლებასთან. ამ მიმართულებით თუ არ აჩვენა პოლიტიკური ნება და გაჰყვა იმ გზას, რაზეც დღეს ადგანან, "ქართული ოცნებისთვის" ეს ფატალურად დასრულდება.

უნდა გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რაც ჩანაწერებშია, ოღონდ ისე არა, დადგან სპექტაკლები, რომ ეს ხალხი ტყუილს ლაპარაკობსო. გამოიძიოს და დაგვარწმუნოს, რომ ის ფაქტები, რაც არის ამ საუბარში არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება, რადგან ფაქტია, ამ პერიოდში ციხის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა, მაგრამ ხელისუფლებას, რატომღაც არ უნდა ამაზე საუბარი" - გვითხრა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მართვის სადავეები მის ხელში რომ ყოფილიყო, პირველ რიგში შექმნიდა დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიას მაღალი ლეგიტიმაციით.

„რეაგირება მრავალ კომპონენტიანი უნდა იყოს როგორც სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს საუბარი. ვინ რა დოზით, ეს უკვე გრძელი საუბრის თემაა“ - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ხელისუფლებას არჩევნებამდე მშვიდად მისვლას ურჩევს.

„ახლა რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებას არ შეუძლია და არც გააკეთებს. ამიტომ ეცადონ, რომ არჩევნები მიიყვანონ ბოლომდე ისე, რომ არ მოხდეს დიდი დაპირისპირება. პროცესი მათი სასურველი მიმართულებით არ მიდის, თუმცა ხელსაც ვერ შეუშლიან.

"ოცნება" უნდა ეცადოს სტაბილური გარემო შეინარჩუნოს და არჩევნები მიიყვანოს ბოლომდე. შემდეგ ვითარება თავისთავად დასტაბილურდება. ახლა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ მისი კანდიდატი გავიდეს მეორე ტურში. დღეს ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი. უფრო რადიკალური ზომების მიღება უკვე დაგვიანებულია.

ვითარება არის საკმაოდ რთული, ეტყობა ჰქონდათ ასეთი ინფორმაცია და იმიტომ ჩართეს ბიძინა ივანიშვილი, თორემ კალაძის დროს არ იყო ჩართული არჩევნებში. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდნენ, მაგრამ ეს უშველის თუ არ უშველის, ძნელი სათქმელია. ამ გადასახედიდან მეორე ტური არის გარდაუვალი, ვერცერთ კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, რომ პირველ ტურში გაიმარჯვოს.

გაზაფხულზე იქნება აქციების დიდი ტალღა, ამიტომ ახლა ჯობია ყველაფერს თავი დაანებონ და იბრძოლონ იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს. შეეცადონ საკუთარი კანდიდატის გაყვანას, თუკი ამას შეძლებენ", - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

"დებატორი მხარეების შეპირისპირება ხშირად დემაგოგიაში მიდის“, - რით არის გამოწვეული პოლიტიკური დებატების დაბალი კულტურა საქართველოში?

"პოლიციელზე ძალადობის მოწოდების ავტორის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ ჩვენთან" - ლევან ვარშალომიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი