ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არასრულწლოვანი გოგონა მამაკაცთან თანაცხოვრებაში არ იმყოფება. მისივე თქმით, ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული. თავიდანვე იყო დაგეგმილი ნიშნობა, ხარჯების დაზოგვის მიზნით ქორწილი გადაიხადეს. მე როგორც ვარ ინფორმირებული, ისინი თანაცხოვრებაში არ იმყოფებიან. თუ დადასტურდა, რომ წყვილი თანაცხოვრებაში არ იმყოფება, ეს კანონდარღვევა არ არის", - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შემთხვევა სოფელ ლეღვაში მოხდა. 15 წლის გოგონამ სრულწლოვან მამაკაცზე 14 სექტემბერს იქორწინა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ 15 წლის გოგონა ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა. მისი თქმით, პირველ ოქტომბერს ის სხვა სკოლაში გადავიდა სასწავლებლად.
როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე აცხადებს, ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის გადასცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.