ავტორი:

"საქართველოში ნატურალური ქსოვილის წარმოება დაიწყება" - რა იყო 2018 წლის თბილისის მოდის კვირეულის მთავარი სიახლე და რა იგეგმება სამომავლოდ

"საქართველოში ნატურალური ქსოვილის წარმოება დაიწყება" - რა იყო 2018 წლის თბილისის მოდის კვირეულის მთავარი სიახლე და რა იგეგმება სამომავლოდ

თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი, რომელიც ქართული კინოლეგენდის ქართული სტილის კერპის, მსახიობ ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა, დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის პოზიტიური ჩვენებით დასრულდა. როგორ აფასებენ ღონისძიებას ორგანიზატორები, რა მთავარი სიახლე იყო წლევანდელი მოდის კვირეულზე, რა პერსპექტივები გაჩნდა და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ხელმძღვანელი:

- 4 დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო დიზაინერის ნამუშევარი ვიხილეთ, მათ შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერები, რომლებიც გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებით წარსდგნენ. სულ 20-მდე დიზაინერი მონაწილეობდა. ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. პირველი დღე ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვისაც შთამბეჭდავია ხოლმე, რადგანაც ყოველთვის ქართველი კულტურის ერთ-ერთ ლეგენდას ეძღვნება. კოლექციების წარდგენისთვის შერჩეულმა ლოკაციამ (ღვინის უბანი) გაამართლა, ამინდმაც პატივი გვცა და ყველაფერი საიმისოდ შეიკრა, რომ ქალაქის ცენტრში მოდისა და კულტურის დღესასწაული ჩატარებულიყო.

ამჯერად მოდის კვირეული იმით იყო გამორჩეული, რომ მაყურებლის წინაშე განსხვავებული კონცეფციით - ეკომოდა წარსდგა. კვირეულის ფარგლებში მოეწყო გლამურული ეკობაზარი, სადაც წარდგენილი იყო ქართული ეკოპროდუქცია. ქვეყანაში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, წლევანდელ სეზონზე ტრადიციული ქაღალდის მოსაწვევები არ დაეგზავნათ და კვირეულის მოსაწვევები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს.

ნინო იოსელიანი, მოდის მარკეტოლოგი, ერთ-ერთი ორგანიზატორი:

- თბილისის მოდის კვირეულზე წელს ეკომიმართულებაზე გადავედით და სეზონი ეკომოდას მივუძღვენით. ამიტომაც მის წარსადგენად ღვინის უბანი ავირჩიეთ, რადგანაც აქ არის უძველესი და ძალიან საინტერესო ღვინის სარდაფები, სადაც ულამაზესი დეკორაციები გაკეთდა. გარდა ეკობაზრისა, გვქონდა ასევე "ბიუთიბარი", რაც სხვადასხვა ბრენდს წარადგენდა. დღესდღეობით მსოფლიოში სერიოზული ტენდენციაა ეკომოდა. 2020 წლისთვის ეკონაჭრებზე დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ, მომავალ სეზონზე გვინდა, რომ ქართველმა დიზაინერებმა თავიანთ კოლექციებში ეკონაჭრები გამოიყენონ და საერთოდ, საქართველოში ეკონაჭრების წარმოება დავიწყოთ, მით უფრო, რომ ჩვენთან არანაირი ნაჭრის და ტექსტილის წარმოება არ ხდება. არადა, XIX საუკუნემდე ეკონაჭრების წარმოების, ღებვის ტრადიცია გვქონდა. მოკლედ, დიდი დრო დავუთმეთ კვლევას და აღმოვაჩინეთ, რომ ამ ძველი ტრადიციის აღდგენა, გათანამედროვება შეგვიძლია. ამასთან, გვყავს ესპანელი და იატალიელი პარტნიორები, რომლებიც ამაში გვეხმარებიან.

ასე რომ, მალე საქართველოში ნატურალური ქსოვილის ნატურალური მცენარეებით შეღებვა დაიწყება და ამ ქსოვილებს როგორც ქართველი დიზაინერები გამოიყენებენ, ასევე პროდუქციას მსოფლიოს ბაზარზეც გავიტანთ. ქვეყნის მთავარი სტრატეგია ეკოტურიზმის, ეკოწარმოების განვითარებაა, ამიტომ მოდაშიც ეს ტრენდი უნდა განვავითაროთ, რომ ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს, ასევე ქართველებისთვის, განსაკუთრებით, დასაქმების კუთხით აქტიური ქვეყანა გავხდეთ. კვირეულის მიმართ ხალხის ინტერესიც დიდი იყო, მქონდა საუბარი ბაიერებთან, უცხოურ პრესასთან, რომელიც თბილისის მოდის კვირეულზე იმყოფებოდნენ.

ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეკომოდის მიმართულება ძალიან საინტერესო ტენდენციაა. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსაკუთრებით ქალები დასაქმდებიან. ასევე ეს ყველაფერი არტთერაპიაა - მცენარეები, რომლებიც ამ წარმოებაში გამოიყენება, მედიცინაშიც აპრობირებულია. ამიტომ შეგიძლია, მისგან ისეთი ქსოვილი დაამზადო, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ამ მოდის კვირეულმა იმაში დამარწმუნა, რომ ეს ყველაფერი ადამინებს მოსწონთ, აქტუალურია, ინტერესს იწვევს. ახლა ისღა დაგვრჩენია, ვიშრომოთ ბევრი და ეს გეგმები განვახორციელოთ.

თაკო ჩხეიძე:

- რაც შეეხება ჩვენებებს - ჩვეულებრივი კოლექციებიც იყო წარმოდგენილი და ასევე ორიგინალური პრეზენტაციები, პერფომანსები. 20 ოქტომბერი ლაშა დევდარიანის ქართული თემატიკით დასრულდა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, ვისაც მხარდაჭერა, ხელშეწყობა სჭირდებათ და უკვე მეთვრამეტე სეზონია ამას ვემსახურებით. "ფეშენვიკამდე" ბევრს ვმუშაობთ, რომ გარკვეული გადარჩევა მოხდეს, რადგანაც მნიშვნელობა აქვს ხარისხს და არა რაოდენობას. თუმცა ყველაფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ყოველთვის უკეთესი და უკეთესი გვინდა, მაგრამ წელს ამ ლოკაციამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ღვინის უბანმა გაამართლა. შეფუთვაც ძალიან მომეწონა, რამაც კვირეული კიდევ უფრო გაალამაზა.

დიდი მნიშვნელობა აქვს, კოლექციას როგორ გარემოში აჩვენებ. ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება კი არის დასკვნითი, რამაც დახურა ღონისძიება. ის ისეთ სივრცეში წარმოვადგინეთ, რომელიც იატაკიდან ჭერამდე საოცრად შეფუთული იყო. ასეთ ატმოსფეროში ასეთი კოლექციები კიდევ უფრო ლამაზად აღიქმება. საბოლოოდ კი, რომ შევაფასოთ ახალბედა დიზაინერები, ბევრი უნდა იმუშაონ. სეზონიდან სეზონამდე ნუ იქნებიან მოლოდინის რეჟიმში, საკუთარ თავზე ინტენსიურად უნდა იმუშაონ.

ახალ სახელებს და სახეებს სულ ვეძებთ და აღმოვაჩინეთ დიზაინერი კორსავა. ის ამჯერად პირველად მონაწილეობდა კვირეულში და კარგი აქცია-ჩვენებით გამოვიდა. მას ეკოთემაზე სპეციალური პრიზი შევურჩიეთ კიდეც. ბოლოს კი მადლობა კვირეულის მხარდაჭერისთვის თბილისის მერიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვირების სამინისტროს, "აწარმოე საქართველოს" და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას იმისთვის, რომ თბილისში შესაძლებელი გახდა მოდის ზეიმის მოწყობა.

თბილისის მოდის კვირეულის გახსნის მხარდამჭერია „საქართველოს ფოსტა“. თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი კომპანიები არიან: SOLO, საქართველოს ფოსტა, კომპანია „სოკარი“, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორები“, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, სააფთიაქო ქსელი „GPC“, დეკორატიული კოსმეტიკის ევროპული ბრენდი „ინგლოტი“, „ლაპარის“, „ჩაიჰანაბაზარი“, რესტორანი „ქალაქი“. საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია „იმედი“,“ნარგისი საქართველო“, ჟურნალი “HELLO”, ჟურნალი“სითი“, ჟურნალი “ბომონდი“, ჟურნალი“HELLO”, ”MUSIC BOX”, “არტარეა", “ალმა-ალმა “, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, “iventsambebi.Ge“, “Fashionholics Online”, ”TREND.Ge,” „ინტერნეტმედიაჯგუფი", ინგლისურენოვანი გამოცემა „Messenger”, საინფორმაციო სააგენტო „GHN“.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს