ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის კითხვებს უპასუხებს, თუმცა მედიაში მხოლოდ სამი კონკრეტული ტელევიზიის ტელეწამყვანი იგულისხმება.
როგორც პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს.
"23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.