ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტექინსპექტირების 10-ვე ცენტრს გამოძიების დასრულებამდე საქმიანობის ლიცენზიას შეუჩერებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექინსპექტირების ეს რეფორმა ჩატარდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ინტერესების დაცვით. მისივე განმარტებით, სამინისტრო მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინა მათ მიმართვაზე და გამოავლინა ტექინსპექტირების ცენტრებში არსებული დარღვევები.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ ავამოქმედოთ შეჩერების მექანიზმი 10-ვე ცენტრის მიმართ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომ ეტაპზე საერთოდ მათი საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საკითხი დავაყენოთ. თავის დროზე ჩვენ ყველას შევუწყეთ ხელი, რათა მათი ცენტრები მოეყვანათ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის წესები. ასეთი ცენტრების მიმართ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს ტექნიკურ რეგლამენტში შეიტანოს ცვლილება, რათა ცენტრებზე მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმები დანერგონ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სულ ქვეყანაში ტექინსპექტირების 40 ცენტრი არსებობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. უწყების ცნობით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.